როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისაგან – ეროვნული ბანკის და საბანკო ასოციაციის რეკომენდაციები
ბოლო პერიოდში, ინტერნეტთაღლითობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის ქვეყნებისთვისაც.
ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, SMS-ით ან სხვა ფორმით მისდის შეტყობინება. შეტყობინება ყალბი ვებგვერდის ბმულსაც შეიცავს, რომელიც ძალიან არის მიმსგავსებული ნამდვილ ინტერნეტბანკს ან სხვა გვერდს. მასზე საბანკო მონაცემების შეყვანით კი თაღლითებს კონკრეტული პირის ან ბიზნეს სუბიექტის ანგარიშზე განთავსებული თანხის მოპარვა შეუძლიათ.
გარდა ამისა, ინტერნეტთაღლითები სოციალური ქსელების მომხმარებლებს, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სახელით სთავაზობენ სხვადასხვა გათამაშებას, ბმულზე დაჭერისას კი მომხმარებელი გადადის მისი მომსახურე ბანკის ინტერნეტ ბანკის ვიზუალურად მიმსგავსებულ ვებგვერდზე, სადაც მონაცემების შეყვანის შემდეგ, ავტომატურად ხდება კიბერთაღლითობის მსხვერპლი.
როგორ დავიცვათ თავი ასეთ შემთხვევაში? გთავაზობთ ეროვნული ბანკის და საბანკო ასოციაციის ძირითად რეკომენდაციებს
• მავნე და ჯაშუშური პროგრამებისგან თავის დაცვის მიზნით ლიცენზირებული პროგრამებისა და ანტივირუსების გამოყენება;
• საჯარო Wi-Fi-ით სარგებლობისას ინტერნეტბანკში შესვლასა და ბარათის მონაცემების შეყვანისგან თავის შეკავება;
• რთული პაროლებისა და მობილურ და ინტერნეტ ბანკში ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქციის გამოყენება, ხოლო ბარათებზე – 3D დაცვის მექანიზმის ჩართვა;
• დამცავი ბარიერის გამოყენება (Firewall);
• მესიჯების ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას რეკომენდებულია „სპამისა“ და “ფიშინგის“ ფილტრების გამოყენება;
• პაროლების, ბარათისა და ინტერნეტბანკის მონაცემების სხვისთვის გაზიარებისგან თავის შეკავება;
• სიფრთხილის გამოჩენა ინტერნეტ-სივრცეში არსებული შემოთავაზებების მიმართ, რომლებიც გარკვეულ ბმულზე გადასვლას და საბანკო ანგარიშების, ინტერნეტ ბანკის პაროლისა და მსგავსი მონაცემების შეყვანას ითხოვენ;
• იმაში დარწმუნება, რომ აღნიშნული ვებგვერდი ყალბი არ არის და შესაბამისი ინფორმაციის მომსახურე ბანკთან გადამოწმება.