დავით მესხიშვილი: მივიღებთ სიტუაციას, რომ თანამდებობის პირები იქნებიან ჯიპებში, მოსახლეობა კი რუსულ “გაზელებში”
სინამდვილეში ქართული წარმოების მიკროავტობუსი „ელვა“ არ არსებობს, ეს არის რუსული კომპანია „Группа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული ГАЗель , – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მესხიშვილის თქმით, ამ კომპანიასთან თანამშორმლობა კატეგორიულად მიუღებელია.
„საქმე ეხება ქალაქის მერის მიერ წარმოდგენილ, ქართული წარმოების მიკროავტობუს „ელვას“ . სინამდვილეში არანაირი „ელვა“ არ არსებობს, არც ქართული წარმოება. ეს არის რუსული კომპანია „Группа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული ГАЗель. ეს მოვიკვლიეთ. ის ლოგოტიპი, რომელიც „ელვას“ ფორმატში იქნა წარმოდგენილი, არის ГАЗель-ის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი.
მე მიმაჩნია, რომ კომაპნია Группа ГАЗ, რომლის ერთერთი მფლობელი თავად რუსეთის სახელმწიფოა, ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იკიდებდეს ასე აქტიურად ფეხს. ნამდვილად სამარცხვინო იქნება თბილისელების გადაყვანა ГАЗель-ებით. საბოლოოდ მივიღებთ სიტუაციას, რომ თანამდებობის პირები იქნებიან ჯიპებში და მოსახლეობა იქნება რუსულ ГАЗель-ებში. კატეგორიულად მიღებელია ამ კომპანიასთან თანამშრომლობა. რა დროს რუსული ГАЗель -ია“- განაცხადა მესხიშვილმა.
ცნობისთვის, “კომერსანტის “ ინფორმაციის თანამხმად, შესაძლოა, საქართველოში რუსული ГАЗель-ის მიკროავტობუსების წარმოება დაიწყოს.
„მე არ ვიცი „თბილისის მიკროავტობუსი“ ГАЗель- თან აწარმოებს , თუ არა მოლაპარაკებებს, ჩემთვის მთავარი და პრინციპული არის ის, რომ ქართული ბრენდი შეიქმნება“,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი გავრცელებულ ინფორმაციას.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაშია მისაღები.
თამუნა შეყილაძე