„ამ რეგულაციებით უკეთესი ტაქსი არ მიიღება, მიიღება უფრო ძვირი, თეთრი ფერის ტაქსი“ – მესხიშვილი ვარაუდობს, რომ ტაქსების ბიზნესი მსხვილი კომპანიების ხელში აღმოჩნდება
ამ ლიცენზიით და მოთხოვნებით, რომელიც ახლა თბილისის მერიას აქვს დაწესებული, უკეთესი ტაქსი არ მიიღება. მიიღება უფრო ძვირი, თეთრი ფერის ტაქსი, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მესხიშვილი ტაქსების რეფორმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციები გადასახედია. მისი თქმით, ამ ეტაპზე მივიღეთ ის, რომ ქალაქში ტაქსების დეფიციტია და მგზავრობაც გაძვირდა.
„ამ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო 2016 წელს, როცა დავით ნარმანია იყო მერი, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ვიყავით ჩართულები პროცესში, თუმცა გვქონდა ბევრი უთანხმოება რიგი საკითხების მიმართულებით. ახალმა მერმა, კახა კალაძემ განაგრძო მაშინ დაგეგმილი ღონისძიებები , რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრი შენიშვნა გვქონდა. დაგეგმილი იყო, რომ პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა კიდეც. მე ამას რეფორმას ვერ ვუწოდებ, ეს არ არის რეფორმა. რეფორმა უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს და უფრო ხელშესახებ შედეგებს მოიცავს. ეს არის რეგულაციები უბრალოდ. რჩება კითხვა რისი მიღწევა სურს მერიას ამ რეგუალციებით? არ ჩატარდა კვლევა, რასაც ვითხოვდით. კვლევის შედეგად უნდა მიგვეღო რეალური სურათი, რა არის გამოსასწორებელი, როგორი ტაქსი სურს საზოგადოებას. რეგულაციები დაიგეგმა მითქმა-მოთქმების მიხედვით: ვიღაცამ თქვა, რომ ტაქსში არ მოსწონს ჰიგიენა, მეორემ თქვა, რომ მძღოლმა არ იცის ქუჩები, მესამემ თქვა, რომ მანქანები გაუმართავია. ამის ფონზე დაიგეგმა რეგულაციები. არცერთ იმ აქტუალურ საკითხს ან პრობლემას, რომელზეც საზოგადოება საუბრობს, ეს ლიცენზია არ პასუხობს.
ტექნიკურ გამართულობაზე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინპექტირება ზრუნავს. ტექინსპექტირება ყველას გვეხება, ლიცენზიასთან ტექინსპექტირებას და გამართულობას არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს მივიღთ ის, რომ თეთრი ფერი გახდა მთავარი , აქტუალური საკითხი. ამ ლიცენზიით უკეთესი ტაქსი არ მიიღება.
ამ ლიცენზიით და მოთხოვნებით , რომელიც ახლა თბილისის მერიას აქვს , უკეთესი ტაქსი არ მიიღება. მიიღება უფრო ძვირი, თეთრი ფერის ტაქსი.
ისიც მიკვირს, რომ ქალაქის მერი, როგორც წესი, ეკითხება ხოლმე საზოგადოებას, ავტობუსი რა ფერი უნდა იყოს , ქვაფენილი იყოს ,თუ ასფალტი, ტაქსები იყო ის, როცა არავის არაფერი ჰკითხეს“- განაცხადა მესხიშვილმა.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვარაუდობს, რომ ტაქსების ბიზნესი საბოლოოდ რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში აღმოჩნდება და თვითდასაქმებული მძღოლები ბაზრიდან გავლენ.
„იქით მიდის ეს ყველაფერი, რომ ეს ბიზნესი გამსხვილდება და ჩავარდება რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში. თვითდასაქმებულები ან ამ ქოლგის ქვეშ მოექცევიან, ან საერთოდ გავლენ ბაზრიდან. გაუჭირდებათ იმ რეგულაციების დაძლევა, რომელიც შეიძლება კიდევ დაიგეგმოს სამომავლოდ. ზუსტად ეს არის ჩვენი პრეტენზია თბილისის მერიასთან. ჯერ აცხადებს ერთ ეტაპს, მერე მეორე ეტაპს. ამ რეგულაციების ეტაპებს თავიდან ბოლომდე არ აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლმა განსაზღვროს, უღირს, თუ არა ამ ბიზნესში დარჩენია. ვიღებთ იმას, რომ მგზავრთა გადაყვანაში კრიზისია შექმნილი . ვეუბნებოდით თბილისის მერიას, რომ არცერთ შემთხვევაში ტაქსების რეგუალციამ არ უნდა დაასწროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას . მოხდა ის, რომ ერთ დროს იაფიანი ტაქსი , 3-4 -ლარიან ტაქსს რომ ვეძახით , გახდა უფრო ძვირი , შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ავტობუსების და მეტროს მიმართულებით. ვიცით , რომ მეტრო და ავტობუისი მზად არ არის მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად. რეფორმის არათანმიმდევრულობა ნამდვილად დამაზიანებელია. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მსხვილ ბიზნესზე შეიძლება იყოს მორგებული. გაგვიგია, რომ რამდენიმე კომპანია გეგმავს თეთრი ავტომობილების შემოყვანას და ა.შ. ეს არ არის ფაქტებით დადასტურებული, თუმცა უკვე გაჩნდა მოთხოვნა“- განაცხადა მესხიშვილმა.
ცნობისთვის, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.
A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.
მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდა.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.
თამუნა შეყილაძე