საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელები პროფესიულ სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ
1 ოქტომბრიდან საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ პროფესიული განათლება სახელმწიფოს ხარჯზე, ანუ უფასოდ მიიღონ. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ რეჟიმში, საიტზე – www.vet.emis.ge შეეძლებათ.
რეგისტრაციის ვადა 15 ოქტომბერს იწურება. ადგილობრივი რესურს ცენტრების ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს, მათ შორის აზერბაიჯანელებს, პროფესიულ სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარება მშობლიურ ენაზე შეეძლებათ.
ახალი პროფესიის მიღება ან გადამზადება შესაძლებელი იქნება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, სარკინიგზო ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. აბიტურიენტების მისაღებად სხვადახვა პროფილის 50 სასწავლებელი ემზადება.