სამხრეთ კორეაში ტაიფუნ “მიტაგს” მსხვერპლი მოჰყვა
სამხრეთ კორეას ტაიფუნი “მიტაგი” დაატყდა თავს, რომლის შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ პუსანში შენობის ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, 4 ადამიანია მოყოლილი.
ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონში შენობების უმრავლესობა დატბორილია. ქალაქ კანინში ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად პარალიზებულია. რიგ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მაშველებმა 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ამასთან, მედია წერს, რომ “მიტაგმა” კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორია გამთენიისას დატოვა, თუმცა ძლიერი ქარი და წვიმა დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
სამხრეთის მიმართულებით ავიამიმოსვლა აღდგენილია, თუმცა ზღვაში გემების გასვლა კვლავ აკრძალულია.