აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს სსიპ-ად ყალიბდება
„სამინისტრო მუშაობს უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევების ერთიან კლასტერულ პოლიტიკაზე. ერთ-ერთი ასეთი კლასტერი სწორედ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება“, -ამის შესახებ “კვირას” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ობსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება კლასტერული ქსელის ფორმირება და შესაბამისად, თანაბარი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, აღჭურვილობის განახლება, კვლევით პროცესებში ჩართული პერსონალის პირობების გაუმჯობესება და სხვა.
ამასთან ერთად, ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
ცნობისათვის, ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.