პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ, რასაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთჯერადი საკანონმდებლო აქტის სახე ექნება.
მისივე განმარტებით, გარვკეულმა ჯგუფებმა შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები, რადგან მათ ეგონათ, რომ პირველ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ.
„რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ პირველ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200 ლარით დააჯარიმათ.
გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეთანხმებით, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეფორმის თანახმად, თბილისში ყველა ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსის მანქანა თეთრი ფერის და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს. B კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში, ფერზე შეზღუდვა არ არის, ხოლო მარჯვენა საჭეზე შეზღუდვა 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. არსებობს 2 კატეგორია – A კატეგორია, რომელიც იმ ტაქსს მიენიჭება, რომელიც ყველა დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს და B კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე გამოძახებებზე იმუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები