მიშა მშვილდაძე: ეს არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა

“ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ამავე ტელევიზიის დირექტორის პროკურატურაში დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებს.

მისი თმით, უბრალოდ დამთხვევა არ არის, როდესაც პროკურატურა მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.

“ეს პირველი დამთხვევა არ არის, როდესაც ტელევიზიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ქმედებას მოყვება პროკურატურის რეაქცია, ჩვენ როდესაც დავაანონსეთ, რომ ახალ ტელევიზიას ვაკეთებდით და ჩვენს სერიალს, “ჩემი ცოლის დაქალებს”, რუსთავი 2-ზე აღარ გავუშვებდით, მაშინვე ინტერმედიაში შევიდა პროკურატურა, გუშინდელ ჩვენს ეთერში გასვლას კი მოჰყვა ეს რეაქცია. ბუნებრივია, ჩვენ თავის მოტყუება და ილუზიებში ცხოვრება არ გვინდა, დამთხვევა შეიძლება მოხდეს ერთხელ, ორჯერ და სამჯერ დამთხვევა კი უკვე კანონზომიერებაა”, – აცხადებს მშვილდაძე.

მისივე შეფასებით, არ არსებობს ქვეყანაში კრიტიკული მედია, რომლის მიმართაც ზეწოლა არ ხდება.

“ვფიქრობთ, სულ ორი სცენარი არის, თუ რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ, ერთი ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად და მძლავრი რეპრესიებით ბრალის წარდგენა, დაპატიმრება, მეორე მეთოდით კი ნელ-ნელა ყველაფერზე რეაქციის მიცემა, ხელის შეშლა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ყოფნა. ეს არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითი, არ არსებობს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია, რომლის მიმართაც პროკურატურა არ აწარმოებდეს ზეწოლას და გამოძიება. ხელისუფლებას არ უყვარს თავისუფალი მედია”, – აცხადებს მიშა მშვილდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები