რა ხარვეზის გამო გადაიდო სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევა – არჩილ კაიკაციშვილის განმარტება

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილება, სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადადებულიყო, ლეგიტიმურია.

რა გახდა აღნიშნულის მიზეზი და ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება ამაზე “კვირასთან” არჩილ კაიკაციშვილმა დეტალურად ისაუბრა.

“საქართველო სემეკის თავმჯდომარის წარდგენა, პრეზიდენტის მხრიდან ახალი კონსტიტუციით არ უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში მისი ქმედება კონსტიტუციურ პრინციპთან შეუსაბამოა. კონსტიტუციის 52-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის ძალების მეთაურს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრს, ორგანული კანონის განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით კი, მონაწილეობს საქართველოს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში და ამ ჩამონათვალში ცალკე დეფინიციაა წარმოდგენილი, როდესაც მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგეს ეროვნული მარეგულირებლის ორგანოების წევრობის კანდიდატებს. მოცემულ მომენტში პრეზიდენტს აღარ გააჩნია თავმჯდომარის წარდგენის უფლება-მოსილება.
​ამ შემთხვევაში დაფიქსირდა კანონში არსებული რეგულაციის გამოყენება, კერძოდ საქართველოს კანონი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ მე-8 მუხლში კვლავ არის ძველი ჩანაწერი, რომელიც შესაბამისობაში აღარ მოიდა ახალ კონსტიტუციაში. ამიტომ დავით ნარმანიას წარდგენა მოხდა კანონის იმ რეგულაციის საფუძველზე, რომლის თავისი ნორმატიული შინაარსით, კონსტიტუციური ნორმის საწინააღმდეგოა. ამიტომ პარლამენტის გადაწყვეტილება შეჩერებულიყო სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურის ამ ფორმით წარდგენის და არჩევის პროცესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია”,-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

​მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ოპოზიციამ თავისი პოლიტიკური ფუნქცია შეასრულა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა აღნიშნულ კანონში არსებული მუხლი ისე დეფინიცირდეს, რომ კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობაში იყოს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის შეფასებით, არსებულმა ვითარებამ პარლამენტარების კანონთან მწყრალი დამოკიდებულება გამოკვეთა.

​”ამ შემთხვევაში ოპოზიციამ შეასრულა თავისი პოლიტიკური ფუნქცია.

​დასახელებულ კანონში უნდა შევიდეს სწრაფი ცვლილება, მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს იმ დეფინიციით, რომელიც კონსტიტუციურ პრინციპთან იქნება შესაბამისობაში. ამ რეგულაციის ჩასწორების შემდეგ მოხდება სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა.
საკანონმდებლო უხერხულობის გამო უნდა დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. პრეზიდენტს ჰყავს იურიდიული დეპარტამენტი, საპარლამენტო მდივანი, რომელსაც უნდა ეცნობებინა ეს ცვლილება. ეს პასუხისმგებლობა სემეკი-ს იურიდიულ დეპარტამენტზეც უნდა გადანაწილდეს. ვითარებამ ცალსახად წარმოაჩინა უწყებების არაკოორდინირებული მუშაობა და პარლამენტის წევრების კანონთან მწყრალი დამოკიდებულებება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კომიტეტზე წარდგენილ კანდიდატურას”,-აღნიშნა

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა. ​
​როგორც მან განაცხადა, კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შემდეგ, პარლამენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატს მთავრობა წარუდგენს და ეს მთლიანად მისი პრეროგატივა იქნება.

შეგახსნებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი, კონსტიტუციის მიხდევით კი, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, წარადგინოს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტში ცვლილებები მომზადდა და კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, გუშინ სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები