ვინ არის ძმის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – შემზარავი ისტორიის დეტალები

ძმის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, გიორგი წურწუმიაა.

პატიმარი ციხის თანამშრომლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.
მათივე ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გარდაცვალება 1 ოქტომბერს 17:53 საათზე დაფიქსირდა.

ოჯახის წევრის მკვლელობის შემზარავი ფაქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

რა დროსაც ძმამ, საკუთარი ძმა ცივი იარაღით ძმიშვილის საფლავზე მოკლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და მოკლულის ძმა, 36 წლის მამაკაცი რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. დამნაშავემ დანაშაული აღიარა.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები წურწუმიები აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ და ზუგდიდში ცხოვრობდნენ. მოკლული ძმა მკვლელობამდე გერმანიიდან 4 დღით ადრე ჩამოვიდა.

რაც შეეხება ძმას გიორგი წურწუმიას, რომელმაც ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმას გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოლის ოჯახში ცხოვრობდა.

ცნობისთვის, ქუთაისის ციხის დირექტორი, სადაც პატიმარმა თავი მოიკლა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება.

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები