ნინო წილოსანი: მერიამ ტაქსის მძღოლებს მაქსიმალურად შეუწყო ხელი
მისასალმებელია, რომ ქალაქში 26 000-მდე ლიცენზირებული ტაქსის 70%-მა ტექნიკური ინსპექტირება გაიარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, მერიამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ტაქსის მძღოლებს და სატრანსპორტო საშუალებების როგორც გადასაღებად, ასევე გადაღებვის პროგრამით სარგებლობისთვის, გონივრული ვადა მისცა.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, რაც თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რა თქმა უნდა, მოიცავდა ტაქსების კომპონენტსაც. და როგორც ყველა, ეს რეფორმაც ცვლილებებსა და სიახლეებს უკავშირდება.
მისასალმებელია, რომ ქალაქში 26 000-მდე ლიცენზირებული ტაქსის 70%-მა ტექნიკური ინსპექტირება გაიარა. მათი ნაწილი პირველი ოქტომბრიდანვე აგრძელებს მუშაობას, ნაწილი კი ეტაპობრივად შეუერთდება სამუშაო რეჟიმს.
ჩვენი მოქალაქეების სამგზავრო პირობების გასაუმჯობესებლად დაწყებული რეფორმა დასაწყისში, ცხადია, დაკავშირებულია სხვადასხვა დისკომფორტთან, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მერიამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ტაქსის მძღოლებს და გონივრული ვადა მისცა სატრანსპორტო საშუალებების როგორც გადასაღებად ასევე გადაღებვის პროგრამით სარგებლობისთვის, რათა ცვლილებები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო მძღოლებისთვის”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.