დიმიტრი ხუნდაძე: ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია
როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც, – ასე აფასებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, თბილისის მერის ინიციატივას სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ.
დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საქართველოში ყოველწლიურად 5-დან 10 ათას ტონამდე სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება, ხოლო აქედან 2 ტონამდე სახიფათო ნარჩენია, რომელიც ეპიდემიის გავრცელების მაღალ რისკს ქმნის.
„ხშირია ფაქტები, როდესაც საყოფაცხოვრებო სანაგვე ურნებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენები ხვდება. ეს, განსაკუთრებით, სამედიცინო კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე შეინიშნება. როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც. ამიტომ, მივესალმები ქალაქ თბილისის მერის ინიციატივას, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 12-ჯერ გაიზარდოს და გახდეს 5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგ ოდენობას მიაღწიოს და შეადგინოს 10 ათასი ლარი. ვფიქრობ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ისევ პირველ პრიორიტეტად რჩება, ამიტომ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა. სამართალდამრღვევმა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაითვალისწინოს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.