დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა Twitter-ში დაწერა.

“მივდივარ დასკვნამდე, რომ ის რაც ხდება იმპიჩმენტი კი არა, სახელმწიფო გადატრიალებაა. ყველაფერი ხმების, ხალხის სამოქალაქო უფლებების, თავისუფლებების, რელიგიის, ჯარის, საზღვარზე კედლის მოსაპოვებლად ხდება”,-დაწერა ტრამპმა.

25 სექტემბერს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა და ქვედა პალატის ექვსივე კომიტეტს გამოძიების დაწყება დაავალა.

ამის მიზეზი კი 25 ივლისის ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა, რომლის დროსაც ტრამპმა ზელენსკის ჯო ბაიდენის შვილის კომპანიის შესახებ გამოძიების გაგრძელება სთხოვა. დემოკრატები კი, აღნიშნულს უფლებამოსილების გადამეტებად აფასებენ, რადგან ,,პრეზიდენტმა სახელმწიფოზე მაღლა საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დააყენა”. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ , 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება.

გარდა ამისა, 1-ლ ოქტომბერს The New York Times-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს, ასევე სატელეფონო საუბრის დროს, სთხოვა აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარსს დაეხმაროს ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც სპეცპროკურორის რობერტ მიულერის დისკრედიტაციას მოახდენდა. მიულერი ორი წლის განმავლობაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები