კურტ ვოლკერი კონგრესმენების კითხვებს 3 ოქტომბერს უპასუხებს
უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და უკრაინაში ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩი, კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრების შეკითხვებს უპასუხებენ.
კონგრესმენების კითხვები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. აღნიშნული გამოძიება, შესაძლოა იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.
მარი იოვანოვიჩი, რომელსაც კანონმდებლები 2 ოქტომბერს ელოდნენ, ჩვენებას 11 ოქტომბერს მისცემს. ხოლო კურტ ვოლკერი წარმომადგენლობითი პალატის მოსმენაზე 3 ოქტომბერს მივა.
გარდა ამისა, 27 სექტემბერს კონგრესმენებმა ჩვენების მიცემის უწყება გაუგზავნეს – სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, მისი თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს, სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწეს ულრიხ ბრევბულს და ევროკავშირში აშშ-ის ელჩს გორდონ სონდლენდს.
კურტ ვოლკერმა თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა, რაც იმ სკანდალს უკავშირდება, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარს მოჰყვა.
რაც შეეხება სკანდალში ვოლკერის როლს, 26 სექტემბერს წარმომადგენლობითი პალატის სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ „ვოლკერმა და ევროკავშირში აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა გორდონ სონდლენდმა, სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართეს. ამის მიზეზი კი ზელენსკისთვის და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის, ბაიდენის შვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მითითების მიცემა იყო“.