გიორგი ვაშაძე – ”სტრატეგია აღმაშენებელი” ძლიერი, ერთიანი და მშვიდობიანი საქართველოს იდეის განხორციელებას ისახავს მიზნად
”ივენთ ჰოლში“ ”სტრატეგია აღმაშენებელის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. სტრატეგია ”ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივით შეიქმნა და შემუშავებაზე 50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.
სტრატეგია 15 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ავტორების თქმით სტრატეგია ძლიერი, ერთიანი, მშვიდობიანი საქართველოს იდეის განხორციელებას ისახავს მიზნად და ტრადიციულ ღირებულებებს სცემს პატივს. სტრატეგია პროგრესზე და ინოვაციებზეა ორიენტირებული.
”სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის ჩვენი მხრიდან შეთავაზება საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ გავერთიანდეთ აღმაშენებლის იდეის გარშემო. მას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ მოვიტანოთ ის გლობალური სიკეთეები საქართველოში, რომელიც ასე გვჭირდება, როგორ დავიწყოთ მძლავრი განვითარება. ”სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველომ დაიბრუნოს რეგიონის ლიდერის ფუნქცია, გახდეს ცოდნის ”ჰაბი”, ტექნოლოგიური ცენტრი. ის მოიცავს 15 მიმართულებას, მათ შორის ესენია: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, წარმოების განვითარება, განათლება, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა სტრატეგიის შექმნის იდეის ავტორმა გიორგი ვაშაძემ.