სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო

საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო.

ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი, კანონმდებლობით პრეზიდენტს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის უფლება არ აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ განცხადება, რომელსაც გავაკეთებ, არ ეხება დავით ნარმანიას და მის პიროვნებას. საქმე ეხება ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც სხვა პრობლემებთან ერთად იურიდიული კონსულტაციის პრობლემაც გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ამავე კონსტიტუციის 52-ე მუხლით პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნტქი გვეუბნება, რომ პრეზიდენტს შეუძლია, განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება. „დ“ ქვეპუნქტი ადგეს ჩამონათვალს, ვისი წარდგენის უფლება აქვს, ამ ჩამონათვალშია არიან მხოლოდ სემეკ-ის წევრები, თავმჯდომარის წარდგენის უფლება საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭის იქნება კონსტიტუციის დარღვევა. პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ნარმანიას წარდგენის და პარლამენტს არ აქვს უფლება კენჭი უყაროს ამ გადაწყვეტილებას“, – განმარტა ხათუნა გოგორიშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და კენჭისყრა გადაიდო.

დავით ნარმანიას კანდიდატურისთვის დღეს უნდა ეყარათ კენჭი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები