თამარ სანიკიძე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მოწვევით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს. დელეგაციას მინისტრი არმენ აშოტიანი ხელმძღვანელობს. თამარ სანიკიძემ სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მინისტრებმა საქართველოში განათლების სფეროს რეფორმები და პროექტები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა სახვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან. ასევე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ქართულ და სომხურ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.