სოფო კილაძე: მარგველაშვილის შემთხვევაშიც და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ
“ვფიქრობ, შეწყალების საკითხს ოპოზიცია ხელოვნურად აჟიტირებს, ყველა ვთანხმდებით, რომ მკვლელების შეწყალება ნამდვილად არ იყო სწორი ნაბიჯი, ამას თავად პრეზიდენტიც ამბობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. სოფო კილაძის თქმით, პროკურატურა დაადგენს, იყო თუ არა ამ პროცესში დანაშაულის ნიშნები.
„არ მგონია, ამ თემების ხელოვნურად აჟიტირება სწორი იყოს. ზედმეტი აჟიტირება ამ პროცესს უფრო აზიარებს. თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და აქედან გამომდინარე, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. დღეს პრემიერმაც თქვა, რომ თუ საჭირო გახდება საგამოძიებო ორგანოებში მივა და გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლებს“,-განაცხადა დეპუტატმა.
სოფო კილაძის თქმით, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარება ლეგიტიმურია.
„ხედავთ, რომ პროკურატურამ პრეზიდენტთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამიტომ ამ საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, რაც საჭირო იქნება აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ჩემიდან დაწყებული, ნებისმიერ შემთხვევაში კანონს დაემორჩილება“, – აღნიშნა კილაძემ.
დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნება” ობიექტურია და არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ არ იქნება ლოიალური.
„მაქვს განცდა, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული წრეების მხრიდან ნამდვილად ორმაგი სტანდარტებია. ის რაც მარგველაშვილის შემთხვევაში იყო მისაღები
ამ წრეებისთვის, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში მისაღები არ არის. „ქართული ოცნებისთვის“ მარგველაშვილის შემთხვევაშიც და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ორივე მიმართულებით ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. „ქართული ოცნება“ არ ყოფილა რბილი არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ. ობიექტურად თუ შეხედავთ, ამას „ქართულ ოცნებას“ ვერ დასწამებთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.