საქართველოს პროკურატურა: საქართველოს პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას

0

საქართველოს პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, პროკურატურაში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს.

,,აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი პროკურატურაში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო პროცესში იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად.

სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ ხშირად გამოირჩევა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული მოწოდებებით, რაც კანონით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას სცილდება.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან სახალხო დამცველის მხრიდან გენერალური პროკურორის ვალდებულებათა განსაზღვრას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარადგინოს ანგარიში, ხელყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიუკერძოებლობას და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას, რადგან საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენის წესი და ანგარიშის შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი