მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რომ არ „გავატაროთ” ოპოზიციის არცერთი ტყუილი

0

სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რომ არ „გავატაროთ” ოპოზიციის არცერთი ტყუილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ ვრცლად ისაუბრა ანგარიშის ცალკეულ საკითხებსა და სამომავლო რეაგირებებზე.

,,მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს თქვენს ანგარიშში რამდენიმე საკითხი, რომელსაც არ ვეთანხმებოდე, აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, ძალიან ყურადღებით გაიაროს თითოეული პუნქტი თქვენი ანგარიშის მიხედვით და შესაბამისი რეაგირებები დაგეგმოს მათთან დაკავშირებით. ეს  ობიექტურად გამოადგება და  კიდევ უფრო მეტ განვითარებას მოიტანს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

რამდენიმე საკითხზე მინდა, გავამახვილო ყურადღება: ისევ და ისევ მიწევს გარკვეულ დეზინფორმაციებზე პასუხის გაცემა, რაც გამოიხატება შემდეგში: დღეს ვისმენთ, ისევ და ისევ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც პარტიის ხელმძღვანელზე საუბრობენ – მმართველი პარტიის, რომლის ხელმოწერითაც, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შემოვიდა სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში, ეს ადამიანები უკვე აღარ ესწრებიან სხდომას. მათი ინტერესი, რეალურად, ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის, თქვენი ანგარიშის მიმართ აქ არის გამოხატული, ცარიელ სკამებში. ისინი საუბრობდნენ NDI-ს კვლევაზე, რომელიც არის დაფუძნებული CRRC-ის მიერ ჩატარებულ საველე სამუშაოებზე, CRRC, რომელიც წლების განმავლობაში, ზუსტად ვიცით ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის ტენდენციური, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და ისეთ დღეში ჩავარდნენ, რომ CRRC-მაც კი, 9%-ზე და 4 %-ზე მეტი ვერ დაუწერა თავის ლობირებულ, ასე ვთქვათ, პარტიებს – „ნაციონალურ მოძრაობას” და მიერ მეორე განშტოებას – „ევროპულ საქართველოს”.

დღეს ასევე საუბრობდნენ, მაგალითად, „დოიჩე ველეზე”, უფრო სწორად, გუშინ იყო საუბარი და დღეს კიდევ იყო რაღაც მისახვედრი მესიჯი ამ მიმართულებით, როდესაც „დოიჩე ველემ” საქართველოს პრემიერმინისტრზე ბრჭყალებში დაწერა მოსკოვის კაცი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ციტირება იყო და შემდეგ, მათი სპეკულაციური გამოხტომების გამო, დააზუსტა კიდევაც, რომ ეს იყო ოპოზიციის ერთერთი ლიდერის ციტირება, მაინც იყენებენ ამ მესიჯს, თითქოს ეს არის „დოიჩე ველეს” პოზიცია. სარალიძის საქმეზე საუბრობდნენ, რაც თქვენს ანგარიშიც იყო და ამაზე კითხვები დაისვა.

წაგიკითხავთ რამდენიმე პუნქტს: „საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი”. ასეთი წინადადება არსებობს სადღაც, ჯერჯერობით, არ ვიტყვი -სად. „არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები კონკრეტული პირის მიმართ. არ იქნა გამოკითხული ან დაგვიანებით გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ნაწილი არ იქნა ამოღებული, ან დაგვიანებით იქნა ამოღებული. არ განხორციელდა კონფლიქტში მონაწილე და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადება, კითხვებს აჩენს გამომძიებლის ზოგიერთი მოქმედება” და ასე შემდეგ.

აქვე წერია „საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ მ.კ-ს ქმედებებს და სასამართლო განხილვის ეტაპებზე, აგრეთვე, როგორც სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები და ასე შემდეგ.”. ეს არის ჩვენი დასკვნიდან ამოღებული წინადადებები. ჩვენი დასკვნიდან. და ისინი მაინც სხვანაირად სპეკულირებენ.

თქვენ საუბრობდით, ასევე, ერთ-ერთ გამოწვევაზე, როდესაც, შეიძლება, მართლა რისკის საფრთხის ქვეშ დადგეს გამოხატვის თავისუფლება. გეთანხმებით აბსოლუტურად. პირადად მეც ვფიქრობ ასე და არაერთხელ განმიცხადებია, რომ შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუ რაღაც განსაკუთრებულ შემზღუდავ ნორმებზე ვისაუბრებთ და მე პირადად, ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიფიქროთ, ეს ჩვენი ვალია, როგორც თქვენი, ასევე პარლამენტის, ზოგადად, საზოგადოების ვალია, რომ ადამიანის უფლება მიიღოს და წვდომა ჰქონდეს ინფორმაციაზე, მათ შორის, ობიექტურ ინფორმაციაზე, არ უნდა შეიზღუდოს და ეს არის გამოწვევა, რომელზეც უნდა ვიფიქროთ და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციით დასარეგულირებელი საქმე.

რაც შეეხება გიორგი ტუღუშს, ალბათ უნდა მოვიდეს და მოუსმინოს, რა ხდება საქართველოს პარლამენტში. ისევე, როგორც დღეს არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციიდან აღარ ესწრება სხდომას, ის არ ესწრებოდა სხდომას, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი, ჩვენ დავხვეწეთ კიდევ უფრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმები დამატებით სოციალურ გარანტიებთან მიმართებით, და ასევე, ეფექტიანი გამოძიებისთვის ჩვენ დავხვეწეთ რამდენიმე ნორმა და პირველი ნოემბრიდან სრულფასოვნად ამოქმედდება ეს სამსახური. შესაბამისად, არის ბევრი საკითხი, რომელ საკითხებთან დაკავშირებითაც, საზოგადოებას, ჩვენი ოპოზიციის გადამკიდე, სამწუხაროდ, არ აქვს წვდომა ობიექტურ ინფორმაციაზე. მე ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რომელიც თქვენს ანგარიშში იყო მოყვანილი, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, და ასევე, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არ „გავატაროთ” არცერთი ტყუილი, რომელსაც საზოგადოებას თავს ახვევს ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილშიც”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი