როგორ ჩაიარა ტურისტულმა სეზონმა წელს კახეთში და იმოქმედა თუ არა რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებამ

საქართველოს ყველა რეგიონი თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალით გამორჩეულია. უცხოელი ტურისტებისთვის ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველია სვანეთის დიდებული კოშკები, აჭარის სიმწვანე და ცისფერი ლივლივა ზღვა, ნისლში ჩაძირული ბახმარო და ა.შ. ყველა სეზონზე საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ტურისტებს მათთვის საინტერესო სანახაობა შესთავაზოს. წელიწადის ამ დროს, შემოდგომით, განსაკუთრებით მიმზიდველია კახეთი. რთველი, ჩურჩხელების ამოვლება, კახური მამაპაპური სუფრა და პლუს ისტორიული ძეგლები, ეს ყველაფერი უცხოელებს ეგზოტიკურ გამოცდილებას პირდება. თუმცა კახეთს ზაფხულობითაც ბევრი მნახველი ჰყავს. როგორ ჩაიარა წელს ტურისტულმა სეზონმა და რა გავლენა მოახდინა რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებამ კახეთის ტურიზმზე. ამის გარკვევას “რეგიონული კვირა” შეეცადა.

თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქალაქს 3233 ტურისტი სტუმრობდა. როგორც “კვირას” ცენტრის ხელმძღვანელმა, დიანა ფხოველიშვილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ტურისტების მხრიდან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, გარკვეული რაოდენობის ჯავშნები გაუქმდა, ტურისტების ნაკადი წინა წლებთან შედარებით, არ შეცვლილა. დიანა ფხოველიშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ტურიზმის ცენტრს ძირითადად გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან და საფრანგეთიდან სტუმრობდნენ. რაც შეეხება მათი ინტერესის სფეროს, კახეთში ჩამოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ღვინის დაგემოვნებით, მარნების მონახულებით და წელიწადის ამ დროს, რთველის მიმდინარეობით ინტერესდებიან.
“კახეთში დაიწყო რთველი,პროცესები აინტერესებთ,სტუმრობენ მარნებს,ღვინის ქარხნებს ,მოთხოვნა დიდია და სექტემბრის თვეში იგრძნობა ტურისტების ნაკადი,როგორც კერძო,ისე საოჯახო ტიპის სასტუმროებში”,-ამბობს ფხოველიშვილი.

როგორ შეეწყო წელს ტურიზმი და პოლიტიკა ერთმანეთს და რა პრობლემები გამოიწვია რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნების გაუქმებამ, თელავში ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს მენეჯერმაც ანა გიორგელაშვილმა “კვირასთან” განმარტა.
“ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მდგომარეობა შედარებით უკან წავიდა. ჩვენს საოჯახო სასტუმროში რუსი ტურისტების მხრიდან გაუქმდა ჯავშნები და შემოსავალიც შემცირდა“, -აღნიშნა მენეჯერმა.

მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროსგან განსხვავებით, სხვა ინფორმაცია მოგვაწოდა თელავში მოქმედი ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა. ნინო კევლიშვილის თქმით, წელს სეზონი საკმაოდ აქტიური და დატვირთული იყო.
“სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდიოდნენ სტუმრები. აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდა, ესპანეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან,ძირითადად ჯავშნიდნენ 2-3 დღე და იშვიათ შემთხვევებში 1 კვირა“. -აღნიშნა ნინო კევლიშვილმა.

თელავის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ნატო ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით ტურისტების ნაკლებობა, გარკვეული ქვეყნებიდან ნამდვილად შეიმჩნეოდა. ნატო ქართველიშვილის განმარტებით, თუ ამ დრომდე რუსი ტურისტები საჰაერო მიმოსვლით მინ.1 კვირიან ტურს იღებდნენ, მიმდინარე სეზონზე ძირითადად, ლარსის საზღვრიდან შემოსვლა უწევდათ,რაც მათ ხარჯებზე უარყოფითად აისახებოდა და აქედან გამომდინარე 1 კვირიან ტურებს აღარ თანხმდებოდნენ.
“ვფიქრობ, რომ დაბალანსება მოხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ, დიდი წვლილი შეიტანა რომ უფრო მეტად მრავალფეროვანი პაკეტები შეეთავაზებინათ ევროპის მიმართულებით მომუშავე იქაური ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისთვის, რომლებიც რეალურად აგზავნიან ტურისტებს საქართველოში”,- აღნიშნავს ნატო ქართველიშვილი.

მოსაზრებას, რომ კახეთი განსაკუთრებით მდიდარი რეგიონია და სანახაობებიც მრავალფეროვანია, ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებიც გვიდასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კახეთს უცხო ქვეყნის მოქალაქეები დიდი შთაბეჭდილებით, კმაყოფილები ტოვებენ.

სალომე გრძელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები