რატომ გაუკეთა პირველი კლასის პედაგოგმა მოსწავლეებს წითელი ყელსახვევები და რა რეაგირება მოჰყვა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას

ქობულეთში, #3 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ფერის ბაფთები გაუკეთეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი. სასკოლო ღონისძიებაზე ბავშვებს ფოტოები მშობლებმა გადაუღეს და პირად გვერდზე ატვირთეს. აღმოჩნდა, რომ პირველი კლასის პედაგოგმა წითელი ყელსაბამი თავისი ჯგუფის მოსწავლეებს სხვა პირველკლასელებისგან განსხვავების მიზნით გაუკეთა.


“მთავარი იდეა იყო პირველკლასელი ბავშვების გამორჩევა სხვა მოსწავლეებისგან. არ მეგონა, რაიმე ტიპის გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. ჩემი მხრიდან სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, სხვა კონტექსტში არც მიფიქრია”, – ამბობს სკოლის პედაგოგი, ქეთევან ვეკუა.
მომხდარის შესახებ “კვირა” სკოლის დირექციას დაუკავშირდა. მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა მენაბდე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ არც თვითონ და არც დირექციის სხვა თანამშრომლები ინფორმირებულები არ იყვნენ. ნანა მენაბდის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც შესაბამის გადაწყვეტილებას. მიიღებენ
“დამრიგებელმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო, ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, ბიჭებს ლურჯი, ხოლო გოგონებს მუქი შინდისფერი ყელსახვევები ეკეთათ. ნამდვილად არ არის სასიამოვნო ფაქტი, რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა ამ ფორმით გამოერჩია მოსწავლეები ხვალ სხდომაზე გაირკვევა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თვითონ პედაგოგი ნამდვილად სანიმუშოა, მსგავსი ფაქტი მისგან არასოდეს დაფიქსირებულა”, – ამბობს ნანა მენაბდე.
საქმეს აჭარის განათლების სამინისტრო და ქობულეთის რესურსცენტრიც სწავლობენ. ფაქტის შესახებ არც ქობულეთის რესურსცენტრში იცოდნენ. ამბობენ, რომ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს საკითხთან დაკავშირებით რა ღონისძიებები იქნება გატარებული.
“როგორც ვიცი, გადაწყვეტილება მასწავლებელმა თვითნებურად მიიღო, მიზეზს დირექტორი გაარკვევს დისციპლინურ კომიტეტზე, პროცესში ჩვენც ჩავერთვებით” ,- განმარტავს ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორი, მადონა გოგიტიძე.
ცნობისთვის, საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში იკრძალება ტოტალიტარული რეჟიმის სიმბოლიკის ტარება.

რა რეაგირება მოჰყვება აღნიშნულს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლა, “კვირა” დამატებითი დეტალებს დისციპლინური კომიტეტის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები