მარიამ ქვრივიშვილი: ORBI Continental გამორჩეული, მასშტაბური პროექტია ბევრი პარამეტრით – მათ შორის 300 მლნ დოლარის ინვესტიცია და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ბათუმში ახალი სასტუმრო კომპლექსის – ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას, ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა „ორბი ჯგუფს“ ახალი პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ORBI Continental-ის სახით ბათუმს მნიშვნელოვანი, მასშტაბური კომპლექსი შეემატება, რომელიც გააძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას.

„ახალი პროექტი ნამდვილად არის გამორჩეული, საინტერესო პარამეტრების და არქიტექტურული დიზაინის მქონე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და უშუალოდ აჭარის რეგიონისთვის – პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 300 მლნ დოლარია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 1,500 ადამიანი იქნება დასაქმებული უშუალოდ სამშენებლო ეტაპზე, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. მაგრამ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ოპერირებაში ჩაშვებისთანავე 2,000 პირდაპირი თუ არაპირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი გამორჩეულად მზარდია საერთაშორისო მასშტაბით. მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა კომპლექსურად მიმდინარეობდეს, სხვადასხვა სექტორებს შორის მტკიცე ურთიერთკავშირით და აისახოს როგორც მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე, ისე თითოეული შრომისუნარიანი მოქალაქის პირდაპირ შემოსავლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთლიან ეკონომიკურ პორტფელში სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს მსხვილი წილი უჭირავს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობით, სტაბილურობით და მნიშვნელოვანი, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს შექმნით აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ტენდენციების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანი და ამოცანა – სწორი აქცენტების დასმით, მართებული ეკონომიკური პოლიტიკით სწორ და სამართლიან განვითარებაზე მორგებული რეგულაციებით უზრუნველვყოთ თანაბარი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული განვითარება. მეორე მხრივ, დეველოპმენტი ვერ იქნება მხოლოდ ინვესტორის ინტერესზე აგებული, მას შეხება აქვს საცხოვრებელ გარემოსთან, არქიტექტურასთან, იერსახესთან, რესურსების ათვისებასთან და შესაბამისად, ის ჩვენ ყველას – არსებული და მათ შორის მომავალი თაობების ინტერესსაც ეხება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი საჯარო – კერძო თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ORBI Continental-ის მსგავსი პროექტები ასევე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის კიდევ ერთი წამყვანი სექტორის – ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერების პროცესში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ტურიზმის ასევე მდგრადი და სწრაფი ზრდის დინამიკით, რასაც გასული და მიმდინარე წლების უპრეცედენტოდ მაღალი სტატისტიკაც ადასტურებს.

„გასული წელი იყო ისტორიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის – ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის სექტორიდან 4.4 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი ნახა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამასთან, ჩვენ შევძელით და მიმდინარე წლის ორ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან ბიუჯეტში უკვე 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მივიღეთ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაფუძნებულია სწორ და თანმიმდევრულ, დივერსიფიკაციაზე მორგებულ პოლიტიკაზე, რაც ძალიან მჭიდრო და სწორი თანამშრომლობის შედეგია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები