მამუკა მდინარაძე: მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით, პარლამენტში ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით, პარლამენტში ბევრი ეტაპია გასავლელი. ამიტომ, მისივე განცხადებით, წინასწარი ლაპარაკი რომელ კანდიდატს დაუჭერს ესა თუ ის პარლამენტის წევრი მხარს, არ შეიძლება.
„ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთ პასუხს ნუ მომთხოვთ. რაც შეეხება თვითონ სიას, მე ვიცნობ რამდენიმე მათგანს, დიდ ნაწილს არ ვიცნობ. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით, არანაკლებ ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი საქართველოს პარლამენტში, ვიდრე გაიარეს იუსტიციის საბჭომ, დაწყებული კომიტეტებიდან, სამუშაო ჯგუფიდან და შემდეგ პლენარულ სხდომაზე და ეს უზრუნველყო ჩვენ მიერ მიღებულმა კანონმა და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება გაიგებს. მაგრამ, რა სიაც არ უნდა წარმოდგენილიყო, როგორი კანდიდატებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინმეს აქვს ილუზია, რომ ის ადამიანები, რომლებიც სასამართლოს “გაშავებით” არიან დაკავებული წლების განმავლობაში, მათ გააჩერებდა რამე და არ იტყოდნენ, რომ ისინი არიან კლანის წარმომადგენლები?
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი იდეალური სიაც არ უნდა წარმოდგენილიყო, ამ ადამიანებს ჰქონდათ ერთი მიზანი – ეძახონ კლანი და რამენაირად მოახდინონ სასამართლოს დისკრედიტაცია. არადა, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში ნახევარზე გაცილებით მეტი უკვე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი სასამართლო და ეს შედეგებზეც აისახება. მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ორი წელი გვატყუებდნენ, რომ სხვანაირად იყო საქმე, არადა, სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა ამ სიცრუეს და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.