გიორგი გახარია: ვერავინ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას, რომ სახელმწიფომ ინსტიტუტები უნდა დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან
“ვერავინ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას, რომ სახელმწიფომ ინსტიტუტები უნდა დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან”,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების” ფრაქციებთან საპარლამენტო გამოსვლის დროს 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უწყებაში დაწყებული სისტემური განახლების რეფორმა აუცილებლად დასრულდება.
„ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად. ეს აშკარად ჩანს გადაღებულ კადრებზეც, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდგომ, რომელმაც მიიღო საბოლოოდ ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე. ამის შემდგომ, ჩვენ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომლებიც იყვნენ სწორედ ამ აქციის ორგანიზატორები, რომელიც დასრულდა ასეთი სამწუხარო შედეგებით, ამ აქციაზე არა თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საერთოდ ამ პასუხისმგებლობაზე საუბარიც არ უნდათ. მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძოლის დაგმობაც არ მოგვისმენია. ეს არის ის შეფასება, რაც მე შემიძლია გავაკეთო ამ სამწუხარო ღამესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასევე მინდა ვთქვა, რომ ფაქტები, ინდივიდუალური გამოვლინებები, უფლებამოსილების გადამეტების სამწუხაროდ დაგვიფიქსირდა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, ეს იყო უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მაგრამ მე მინდა გითხრათ ისიც, რომ დღეს პოლიცია უკვე არის სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი. ეს გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საშუალებას, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა უბრალოდ უკვე ჯანსაღია. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო თუ არა დევნა, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: საქართველოს ისტორიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასდროს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სისტემა ამასაც გაუძლებს, იმიტომ, რომ სისტემა არის ჯანსაღი და ის რეფორმა, სისტემური განახლების რომელიც ჩვენ დავიწყეთ, დასრულდება. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელმაც დაიცვა ეს შენობა, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობა, დაიცვას სიმშვიდე, მართლწესრიგი, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ ეს შეძლეს.
იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, იმისთვის, რომ თავდამსხმელებს და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა შემოვარდეს, ან აქ ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა ამას ვერ მიაღწევენ. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ამ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.