რა შემთხვევაში წაიღებს უკან ვენესუელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას – ზალკალიანის განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვენესუელის ხელისუფლებაში ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მოსვლის შემდეგ, კარაკასი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას უკან წაიღებს.
ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა არაღიარების პოლიტიკაა, რასაც მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ვახორციელებთ.
ჩვენი პოზიცია, ჩვენი განცხადებები, ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იყო დროული. ის იყო უაღრესად პოზიტიურად შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, დადებითად შეფასებული ვენესუელას ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან. ცნობილია, რომ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მათთან და ის წარმომადგენლობები, რომლებიც მათ აქვთ გახსნილი ევროპის თუ ამერიკის კონტინენტზე, აქტიურად იფარება ჩვენი სხვადასხვა დიპლომატიური მისიების მიერ.
ჩვენი კომუნიკაციის შედეგად შემიძლია იმის თქმა, რომ ვენესუელაში პროცესი როგორც კი დასრულდება, მათი მხრიდან არის მზაობა, რომ უკან იყოს გაწვეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ამ მიმართულებით არაღიარების პოლიტიკა უაღრესად წარმატებულია.
მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მეორე მხრიდან მცდელობები გაასმაგებულია, რომ აღიარებული იყოს ეს ტერიტორიები. მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესებში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი“,-აღნიშნა ზალკალიანმა.