“სამუშაო ადგილებია შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს სთავაზობს. ამ თემაზე პატრიარქის სპეციალური წერილი “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხეს. უწმინდესი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. “გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო. ამ თემაზე გასულ წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში. კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავიანთი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი”, – აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სასტუმრო “ქორთიარ მარიოტში” მიმდინარე კონფერენციას “SOS – საქართველოს მთა” სასულიერო პირებიც ესწრებიან.