ბათუმის აკვატორიაში 5- ბალიანი შტორმი დაფიქსირდა
ბათუმის სანაპიროებზე 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შტორმის შედეგად სამაშველო საგუშაგო და იახტკლუბში გემების სამაგრები დაზიანდა, – ამის შესახებ „კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. თურმანიძის თქმით, ბათუმის ახალი ბულვარის საფეხმავლო ბილიკები ზღვის ნარჩენებითაა დაფარული. „ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვიდან საფეხმავლო ბილიკებზე ბალასტია ამოყრილი. აკვატორიაში დაფიქსირდა 5- ბალიანი შტორმი. სასტუმრო “მარინას” წინ მდებარე სამაშველო საგუშაგო შტორმმა მთლიანად დაშალა. იახტკლუბში შტორმმა დაგლიჯა კრეხტები, სადაც გემებია დამაგრებული. სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და გემების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ცდილობდა, რომ იახტკლუბში გემები არ დაზიანებულიყო “, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ. მისივე თქმით, მოსახლეობა შტორმის შედეგად არ დაზარალებულა. თურმანიძის განმარტებით, ამ დროისთვის შტორმის სიმძლავრე 4 ბალს აღწევს, ღამის განმავლობაში კი მის მომატებას ელიან.