11 წლის წინ რუსეთმა საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ აღიარა – ევროპის ქვეყნები და აშშ მოსკოვს აღიარების გაწვევისკენ მოუწოდებენ
ევროპის ქვეყნები და აშშ რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება გაიწვიოს, რომლითაც მან საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
ამის შესახებ აშშ-ის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, კანადის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, ფინეთის და ჩეხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში,
ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება“,-ნათქვამია განცხადებაში.
საკითხს დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.
მისი თქმით, 11 წლის წინ, რუსეთმა ამ აღიარებით საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები დაარღვია.
„საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ და ვერ შეეგუება ამას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც არ მიიღო ეს ფაქტი, დაგმო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა“,-ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.