ევროპის ქვეყნები და აშშ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს არ ცნობენ – ერთობლივი განცხადება
ევროპის ქვეყნები, ასევე აშშ ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობენ და რუსეთს საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ პოლონეთის ინიციატივით გავრცელებულ, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი.
„ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს.
ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება“,-ნათქვამია განცხადებაში.