ჯემალ გამახარია: შეუძლებელია, ნამდვილი არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე „არჩევნებს“ ეხმაურება. როგორც გამახარია აღნიშნავს, შეუძლებელია, ნამდვილი არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია.

„დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამჯერადაც ერთსულოვანი იქნება და არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „არჩევნების“ სახელწოდებით გათამაშებულ ფარსს. მასზე მოსკოვის გავლენის ამა თუ იმ აგენტის დასწრება ზოგიერთი სახელმწიფოდან და მათ მიერ „არჩევნების“ დემოკრატიულად აღიარება, ვერანაირად ვერ მიანიჭებს მას ლეგიტიმურობას. შეუძლებელია, ნამდვილი არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია, ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკური წმენდა და გენოციდი განხორციელდა და რომელიც სრული ქაოსისა და განუკითხაობის მორევშია ჩაფლული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეოკუპაციამდე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნებამდე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე, ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს დევნილობაში მოქმედი უმაღლესი საბჭო და მის მიერ დანიშნული მთავრობა. ცრუ არჩევნების შედეგები კი ბათილია!“ – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები