“აბონენტის უპასუხისმგებლობა და საფრთხე” – თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.
კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა სპეციალური ლაზერული აპარატით შეამოწმეს.
როგორც “კვირას” კომპანია „თბილისის ენერჯიდან” აცნობეს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალურმა აპარატმა გაზის ძლიერი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი იყო. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს, მათი დახმარებით დაკეტილი ბინის გაღება და განიავება მოხერხდა.
“სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას გაზის ორი ჩახსნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ დანადგარზე იყო მიერთებული, ბინაში არსებული გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო.
მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა მეპატრონეებს გაქირავებული ჰქონდათ და ე.წ. მდგმურებმა საცხოვრებელი ფართი წინა ღამეს დაცალეს.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს მეტი ყურადღებისა და პასუხისმგებლობისკენ.
გახსოვდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.
განსაკუთრებით, მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისკენ გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებსა და დამქირავებლებს. სტატისტიკური მონაცემებით, უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ასეთ ბინებზე მოდის.
„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომელთა სწრაფმა და დროულმა ქმედებამ კორპუსი აფეთქებას გადაარჩინა.
მადლობა საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟებს.
განსაკუთრებული მადლობა იმ მოქალაქეს, რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა და აღნიშნულ მისამართზე გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინა”, – ნათქვამია კომპანია „თბილისის ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები