ნათია თურნავა: 2019 წლის ბოლომდე ფრენები დაიწყება მილანის, მარსელის და ბოლონიის მიმართულებით

“საქართველოს პრემიერმინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ავიაკომპანია „რაინეარი” დააანონსებულ სამ მიმართულებას, რომლებიც 2019 წლიდან დაიწყება, კიდევ ერთ – მეოთხე მიმართულებას დაამატებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „რაინეართან” ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაინეართან” გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი მოიცავს 2019-2020 წლებში თორმეტი ახალი, პირდაპირი მიმართულებით ფრენების დაწყებას ევროპის სხვადასხვა ქალაქში.
„შეთანხმებულები ვიყავით პირველ ეტაპზე სამი მიმართულებით ფრენის დაწყებაზე, თუმცა პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სამ მიმართულებას დაემატება კიდევ ერთი – კიოლნის მიმართულება, რომლის ბილეთების გაყიდვა წელსვე, ხოლო ფრენები მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება.
​პირველადი შეთანხმებით, 2019 წლის ბოლომდე ფრენები დაიწყება სამი ახალი მიმართულებით – ეს არის მილანის “ბერგამოს აეროპორტი”, სადაც ჩვენ არ გვაქვს ფრენა, ასევე, მარსელი და ბოლონია”, – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, სხვა დანარჩენი მიმართულებები დაანონსებული იქნება მომავალი წლის დასაწყისში და პრიორიტეტი იქნება, რომ ეს იყოს სრულიად ახალი მიმართულებები ან ახალი აეროპორტები, სადაც დღეს ფრენებს არ ვახორციელებთ.
​პირველ ეტაპზე, „რაინეარი” ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები