უკრაინის საგარეო უწყება გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს 8 მოქალაქის დაკავებასა და სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს გმობს.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლება და საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეების დაკავება საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების გამიზნული ღია უგულებელყოფაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მომდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების ამგვარ ქმედებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროში დესტაბილიზაციის მოხდენის მცდელობად ვაფასებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთსა და მის კონტროლქვეშ მყოფ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ხელოვნური ბარიერები აიღონ და საერთაშორისო ნორმები დაიცვან.