ხათუნა ლაგაზიძე: თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს

“დღეს ჰიბრიდული ომის ძალიან აქტიური ფაზაა. თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს – ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს.
“დღეს ჰიბრიდული ომის ძალიან აქტიური ფაზაა. თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს – ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს. ამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს და ვიქცეთ კაპიტულანტ ერად, რომლის სამხედრო-პოლიტიკური დაპყრობა, ალბათ, აღარც დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდა, კრემლისთვის ეს უმარტივესი – ერთი დღის ამოცანა იქნება”, – აცხადებს ლაგაზიძე.
კითხვაზე – მცოცავი ოკუპაციაც ჰიბრიდული ომის ნაწილია? – ლაგაზიძე შემდეგნაირად პასუხობს:
“ჩვენ ბევრი მიმართულებიდან გვიტევენ. მაგალითად, ცდილობენ, ყველანაირად არარაობად გვაგრძნობინონ თავი. ამის ნათელი მაგალითია გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესი – ერთია, როდესაც მავთულხლართებს ოკუპანტი ავლებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მეორე, როდესაც სახლებში უვარდება მოსახლეობას და აიძულებს მათ, კარ-მიდამო მიატოვონ. ეს ხდება ჩვენ თვალწინ, ამას მთელი ერი უყურებს და უსუსურობისგან ლამის ხელები დავიჭამოთ.
ამ ყველაფერზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ეს კი, საბოლოოდ, ემსახურება იმას, რომ არა მარტო უსუსურობის განცდა გაგვიჩნდეს, არამედ სწორედ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი. ეს არის უმძიმესი რამ – ქვეყნის, ფაქტობრივად, სრული ოკუპაციისთვის შემზადება. ძალიან მაინტერესებს, “ქართული ოცნების” პოლიტიკა ამ ვითარებაში რაში მდგომარეობს. არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე მიდის, მაგრამ ეს რუსეთთან უშედეგოა.
ჰიბრიდული ომის ფორმატშივე ეწერება საქართველოს საზოგადოების გახლეჩა, ერთმანეთზე წაკიდება, ღირებულებების მიზანმიმართული დეგრადაცია, ისეთი თემების შემოგდება, რომლებიც კონფრონტაციას შეიტანს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში – ეს ყველაფერი კლასიკური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიის აქტებია. ამ ურთიერთაგრესიის გაღრმავების მიზანია საზოგადოების დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია.
ამას ძალიან კარგად ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები და, განსაკუთრებით, მისი საელჩო, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთიანობისკენ.
ეს ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან კლავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე ერის ორიენტაციის მზაობას და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად, მიმართულია დაქუცმაცებისა და ერთმანეთის ჩაქოლვისკენ”, – აცხადებს ლაგაზიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები