ირაკლი ლექვინაძე: FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს
„მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი FITCH-მა 0,3%-ით შეამცირა, ის მაინც აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3%-იან მაჩვენებელს და იმ გამოწვევების ფონზე, რომლების წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა დღეს დგას, აღნიშნული მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე სარეიტინგო კომპანია Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე, ხოლო პერსპექტივის სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვებას.
ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს.
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას. 2019-2021 წლებში, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება, ხოლო კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას. ჯამში, FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენი დღეს ბიზნესგარემოს მიმართულებით არსებულ იმ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებზეც Fitch-ის რეიტინგშია საუბარი. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია ბიზნესის მოლოდინების მართვა.
„მნიშვნელოვანი და აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან საგარეო რისკებზე, რეგულაციებზე, რეფორმებსა და ლარის კურსზე, რათა ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდეს“,- ამბობს ლექვინაძე.
შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.