თეა წულუკიანი სინგაპურელ კოლეგას მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა

“საქართველოს აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სინგაპურის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრები სამინისტროებს შორს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს​, არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში მომუშავე თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება სინგაპურში მოქმედ ცენტრში მიიღონ.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რეფორმის განსახორციელებლად მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებს მოერგო. შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები, გასული წლის ბოლოს კი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქართული დელეგაცია სინგაპურში „მედიაციის შესახებ“ გაერო-ს კონვენციის კვირეულის ფარგლებში იმყოფება. თეა წულუკიანმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა „მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციას“, რომლის მიზანი მედიაციის, როგორც კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები