„ჩემი ცხოვრების მთავარი საზრისი სტუდენტები არიან“…  

ოჯახიდან გამოჰყვა ლამაზი მოგონებები, კითხვაც მშობლებმა შეაყვარეს. შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მძიმე, 90-იან წლებში მოუწია სტუდენტობამ, მაინც კარგად ახსენდება ეს პერიოდი, ლექციების შემდეგ თითქმის ყოველ საღამოს მიტინგებზე მთელ ჯგუფთან ერთად სიარული…
1988. დაამთავრა ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლა; უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი სწავლა განაგრძო თსუ პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის ასპირატურაში.   2004 წელს დაიცვა დისერტაცია, რომლის თემა იყო ჟანრთა ტრანსფორმაცია თანამედროვე პრესაში ახალი ამბების ჟურნალისტიკის მაგალითზე.
თსუში პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 2001 წლიდან. ორჯერ იყო არჩეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (2005 და 2008), პროფესორის აკადემიური თანამდებობა კი, 2011 წელს დაიკავა.
გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, როგორც მიწვეული პროფესორი კითხულობდა ლექციებს ჰელსინკის, ვროცლავისა და მასარიკის უნივერსიტეტებში; ფლობს საერთაშორისო კვლევით სტიპენდიებს. DAAD (გერმანიის მთავრობის სტიპენდია; მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნი); ვეისერი (მიჩიგანის უნი, აშშ); მარი კიურის სტიპენდია (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა)…
არის  2 მონოგრაფიის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. 45-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი.
მიღებული აქვს ჯილდოები. ახლახან, მიიღო კიდევ ერთი კვლევითი სტიპენდია – ვარშავის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრის მიერ დაარსებული, „ტიტუს ფილიპოვიჩის ჯილდო“.  –  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ დალი ოსეფაშვილის პერსონა.

 

– ჩვენ – ყველანი ხომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, როგორც ეკზიუპერი იტყოდა. ჩემთვისაც, ალბათ ისევე როგორც ყველასთვის, ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო და უზრუნველი პერიოდი იყო.
ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება კი მაინც ის არის,  როგორ დაგვისვამდა ხოლმე მამა მუხლებზე 3 გოგონას (ჩემი დები ცოტა უფროსები არიან ჩემზე) და როგორ გვიკითხავდა ძილის წინ ზღაპრებს, როგორ უშლიდა დედაჩემი,  ნუ აშინებ ბავშვებს დევებით და ურჩხულებითო. თუმცა, ვიცოდი, რომ ყველა ზღაპარი კარგად სრულდებოდა და დიდი ინტერესით ვუსმენდი. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი, მალე გავზრდილიყავი, რომ ჩემით დამეწყო კითხვა. შთამბეჭდავი მოგონებაა ასევე ისიც, როგორ გვასწავლიდა წერა-კითხვას სკოლაში ახლად შესული ჩემი უფროსი დაიკო,  მასზე ცოტა უმცროსებს…
ჩვენი ძირთადი თამაშიც ეს იყო – „მასწავლებლობანა“. თუმცა, მერე ახალი თამაშიც დავიწყეთ – „ექიმობანა“… დღეს მართლაც, ერთი და პედაგოგია,  პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი. მეორე კი, ექიმი, ენდოკრინოლოგი…
– სკოლის  პერიოდირატომ გადაწყვიტეთ  ჟურნალისტობა?
– ვსწავლობდი თბილისის 65-ე საშუალო სკოლაში. მეხუთე კლასამდე ექიმობა მინდოდა, შემდეგ გატაცებული ვიყავი გერმანული ენითა და ლიტერატურით. მსურდა გერმანულის მასწავლებლობა, მაგრამ ერთ დღეს კარდინალურად შეიცვალა ჩემი ოცნებები. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც ჟურნალისტთა კავშირთან არსებული ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლა გაიხსნა და შესარჩევ ტურზე გამაგზავნეს სკოლიდან ორ თანაკლასელთან ერთად, რადგან კარგად ვწერდით  და  ქართული ენისა და ლიტერატურის საქალაქო და რესპუბლიკური  ოლიმპიადების ხშირი მონაწილეები ვიყავით. ეს შესარჩევი ტურიც წარმატებით გადავლახეთ. ამ ორწლიან სკოლაში ლექციებს გვიკითხავდნენ:  ზურაბ რცხილაძე, პროფესორები  – ნოდარ ტაბიძე და შოთა გაგოშიძე. აი, სწორედ, ამ ორმა წელმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.
– უნივერსიტეტი... რა  დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდან?
– უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გამაცნო. განსაკუთრებით კი, გამოვყოფდი ისეთ ნათელ და გამორჩეულ ლექტორებს, როგორებიც იყვნენ – პროფესორი ნოდარ ტაბიძე, მერაბ ჯალიაშვილი, მარინა თავამაიშვილი და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე, 90-იან წლებში მომიწია სტუდენტობამ და უზრუნველი ხანა არ ყოფილა, მაინც კარგად მახსენდება ცხოვრების ეს პერიოდი. ლექციების შემდეგ თითქმის ყველანი ქვეყნის სამსახურში ვიყავით, მელიქიშვილიდან დავეშვებოდით პარლამენტამდე, თითქმის ყოველ საღამოს მიტინგებზე გვიწევდა მთელ ჯგუფს სიარული…
სტუდენტობის დროიდანვე დავიწყე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. ძირითადად, წერა მიწევდა კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების თემაზე, რაც თითქმის 12 წელი გრძელდებოდა 2004 წლამდე, ვიდრე აქტიურ აკადემიურ საქმიანობას დავიწყებდი.
– უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძეთ თსუ პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის ასპირატურაში და დაიცავით დისერტაციათსუში პედაგოგური მოღვაწეობა 2001 წლიდან დაიწყეთ
– უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1997 წელს განვაგრძე სწავლა ასპირანტურაში. სწორედ, მაშინ გამოცხადდა პირველად ამ ფაკულტეტზე ასპირანტურა. მარინა თავამაიშვილის ინიციატივითა და რეკომენდაციით, გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, რადგან სწორედ მან აღმოაჩინა ჩემში მკვლევრის უნარები. უშტატო თანამშრომლად ვითვლებოდი მის მრავალრიცხოვან ლაბორატორიაში, რომელსაც ჟურნალისტიკის სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორია ერქვა და იმ ხანად, პირველ კორპუსში მარცხენა ქვედა ფლიგელში იყო განთავსებული. ჩემთვის ასისტენტის შტატი იქ არავის დაუშვია, რადგან შტატებთან დაკავშირებული საკითხები იმ დროს ცკ-ში წყდებოდა…
და ალბათ, კიდევ დიდხანს გამიგრძელდებოდა ეს სტაჟიორობა. თუმცა, სწორედ მაშინ გამოცხადდა კონკურსი ასპირანტურაში სწავლისთვის და ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, გავხდი პროფესორ ნოდარ ტაბიძის ასპირანტი.
2004 წელს დავიცავი დისერტაცია, რომლის თემა იყო ჟანრთა ტრანსფორმაცია თანამედროვე პრესაში ახალი ამბების ჟურნალისტიკის მაგალითზე. ვიკვლევდი ქართული პრესის ათწლიან პერიოდს და რადგან ჟანრები ანუ ჟურნალისტური ფორმები, მუდმივ ცვალებადობას განიცდიან სხვადასხვა დროსა და სივრცეში, კვლევისთვის ასევე ვიყენებდი კომპარატივისტულ მიდგომებსაც, შედარებებს ვაკეთებდი გერმანულ მედიასთან და  ისტორიულ პარალელებს ვავლებდი XX საუკუნის დასაწყისის ქართულ გაზეთებთან.
რაც შეეხება პედაგოგიურ მოღვაწეობას, თსუ-ში რამდენიმე ეტაპი განვვლე ამ მიმართულებით – პედაგოგობა 2000 წლიდან დავიწყე ჯერ ასისტენტობით, ვუძღვებოდი პროფესორ ნოდარ ტაბიძის სალექციო კურსის სემინარებს, ლექციების კითხვა კი, როგორც ჯერ მოწვეულმა (2001), ხოლო შემდეგ შტატიანმა მასწავლებელმა 2003 წლიდან დავიწყე; ორჯერ ვიყავი არჩეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (2005 და 2008), პროფესორის აკადემიური თანამდებობა კი, 2011 წელს დავიკავე.
რა იყო დასამახსოვრებელი პედაგოგიური მოღვაწეობიდან?
– რას გამოვყოფდი ჩემი პედაგოგიური საქმიანობიდან? უნივერსიტეტი ხომ პროფესორისა და სტუდენტების ერთობაა. მე მუდმივად ვიყავი და  ვარ სტუდენტებზე ორიენტირებული, რადგან ვფიქრობ, რომ  ჟურნალისტიკის პროფესორი, მუდამ უნდა ცდილობდეს ცოდნის განახლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე,  ჟურნალისტიკა ხომ მუდმივად იცვლება, მით უფრო დღეს, მედიაკონვერგენციის პირობებში.
– გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, როგორც მიწვეული პროფესორი, კითხულობდით ლექციებს ჰელსინკის, ვროცლავისა და მასარიკის უნივერსიტეტებშიხართ არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე უცხოეთში
– „ბასერკან+“-ისა და „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მქონდა საშუალება, როგორც მიწვეულ პროფესორს, წამეკითხა ლექციები ჰელსინკის, ვროცლავისა და მასარიკის უნივერსიტეტებში. მთავარი, რაც შემძინა ამ პერიოდმა, გამოცდილებაა, რასაკვირველია და ევროპელი კოლეგების სწავლების მეთოდების გაცნობა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის ფინელების გამოცდილება.
მოგეხსენებათ, ფინეთის განათლების სისტემა ინოვაციურ მიდგომებს ეყრდნობა. მაგისტრანტებთან თეორიულ კურსებში სემინარი წერილობითი ფორმით ტარდება და მას ლექციების დღიური (lectures diary) ჰქვია. მომდევნო ლექციაზე წერენ, თუ რა მისცა წინა სალექციო კვირამ, რითი იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ან რით არ მოეწონათ. ეს ინოვაციული მეთოდი კრიტიკული აზროვნების წასახალისებლად ეფექტური ხერხია; საინტერესოა ისიც, რომ პროფესორი ლექციამდე 1 კვირით ადრე, წინასწარ უგზავნის მაგისტრანტებს სალექციო მასალებს წასაკითხად და მომდევნო კვირაში ხდება აუდიტორიაში ახსნა და განხილვა; კიდევ 1 განსხვავებაც, მაშინ, როცა ჩვენთან ლექტორს საგამოცდო ნაწერების გასასწორებლად ვადა 3-5 დღე აქვთ ხოლმე, საინტერესოა ფინელების ის მიდგომაც, რომ ლექტორს თითქმის ერთთვიანი, გონივრული ვადა სჭირდება, რათა ზერელედ არ მოუწიოს საგამოცდო ნამუშევრების წაკითხვა და შეფასება…
რაც შეეხება თქვენს კითხვას, სამეცნიერო კონფერენციებსა თუ ფორუმებში ვმონაწილეობდი  არა მხოლოდ უცხოეთში, არამედ საქართველოში, თსუ-ში გამართულ კონფერენციებშიც, 1996-დან 2016 წლამდე თითქმის არ გამომიტოვებია ფაკულტეტზე ჩატარებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციები. ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი უცხოეთში გამართულ სამეცნიერო ფორუმებში – ევროპის კომუნიკაციის კვლევების ასოციაციის, კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციისა თუ სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებში ოქსფორდში, ჰარვარდში, პრაღაში, მიუნხენში, ლონდონში, ბრიუსელში, ათენსა თუ სხვა ქალაქებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში და მოხსენებების სახით წარვადგენდი ჩემი კვლევების შედეგებს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამგვარ ფორუმებსა თუ კონფერენციებში მონაწილეობა.  გარდა იმისა, რომ მიღებული უკუკავშირი (feed back) პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით, რაც უცხოელ კოლეგებთან, სამეცნიერო წრეებთან ინტეგრაციას ნიშნავს.
– ფლობთ საერთაშორისო სტიპენდიებსმიღებული გაქვთ ჯილდოები. რომელი ჯილდოა თქვენთვის  ყველაზე მეტად ძვირფასი?
– გარდა „ერაზმუს+“-ის და „ბასერკან+“-ის პრესტიჟული სასწავლო სტიპენდიებისა, მიღებული მაქვს რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო კვლევითი სტიპენდიაც, რომელთა ფარგლებში გავიარე კვლევითი სამეცნიერო სტაჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში: DAAD-ს (გერმანიის მთავრობის აკადემიური გაცვლითი სამსახური, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტი); ვეისერის ცენტრის კვლევითი სტიპენდია (პოლონურ-ამერიკული პროგრამა, მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ; კომუნიკაციების კვლევის დეპარტამენტი); ალბათ, ყველაზე ძვირფასი მაინც ნობელიანტი მეცნიერი ქალის, Marie Curie-ის სახელობის სტიპენდია იყო, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს მიწვეული ვიყავი ვილნიუსის უნივერსიტეტში და კვლევა ჩავატარე ლიეტუვაში.
– რას შეცვლიდით ქართულ სამეცნიერო სივრცეში, თქვენ ირგვლივ?
– შევცვლიდი, ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. „სამკალი ფრიად არს, მომკალი ცოტა“. არაერთი საკითხია შეუსწავლელი ქართულ ჟურნალისტიკამცოდნეობაში და ვფიქრობ, საჭიროა ახალგაზრდების ამ მიმართულებით გააქტიურება.
– თბილისის ახელმწიფო უნივერსიტეტში უარი გითხრეს პროფესორის პოზიციის ხელახლა დაკავებაზე, იმის მიუხედავად, რომ მაღალი შეფასებები დაგიწერეს ყველა პუნქტშირატომ? შეიძლება, ასეთ კვალიფიციურ კადრებს ასე ექცეოდნენ?
– ძალიან სამწუხარო და გამაოგნებელი იყო ასეთი უსამართლო დამოკიდებულება. სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიების გამო მითხრეს უარი პროფესორის პოზიციის ხელმეორედ დაკავებაზე, რატომ  მქონდა ამდენი აქტივობა და ამდენი გამოქვეყნება უცხოეთში, რატომ ვზრუნავდი თვითგანვითარებაზე, რატომ მივიტანე კომისიასთან შესაფასებლად უცხოეთში გამოცემული ინგლისურენოვანი ნაშრომი და ა.შ.
რეალურად კი, სისტემისთვის მიუღებელი აღმოვჩნდი, რადგან თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტ-ჟურნალისტებს ვზრდიდი დასავლური ღირებულებებით.  სააპელაციო კომისიაზე ერთმა უფროსმა კოლეგამ ისიც კი მითხრა, რომ თურმე სნობიზმი ყოფილა დასავლური სტანდარტებით სწავლება… საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილისა და სტუდენტთა ღიად გამოხატული მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა, უნივერსიტეტმა თავის კომისიას, „ორიანი“ დაუწერა. არადამაკმაყოფილებლად შეაფასა მათი საქმიანობა. თუმცა, მაინც მე, კონკურსანტი დამაზარალეს, რადგან ვაკანსია ღიად დატოვეს.  სიმართლე გითხრათ, ადვილი არ იყო, გადაწყვეტილების მიღება  ჩემთვის ძვირფასი და სათაყვანებელი უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვაზე. თუმცა, ჩავთვალე, რომ ღირსების ამბავი იყო – ჯერ ერთი, ვერ შევეგუებოდი უსამართლობას; მეორეც, მართალი არ ვიქნებოდი საკუთარ სტუდენტებთან, რომლებსაც წლების მანძილზე სიმართლის მსახურებას და სხვათა უფლებების დაცვას ვასწავლიდი (ჩემი ერთ-ერთი სალექციო კურსია „მედია და ადამიანის უფლებები“), რომ თვალი დამეხუჭა საკუთარი უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც, მივმართე სასამართლოს და თითქმის წელიწადია, რაც ველოდები საქმის განხილვას…
როგორც ამბობენ, როცა ერთი კარი იხურება, სხვა კარი იხსნებაო. ჩემთვის, ეს სხვა კარი იბსუ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღმოჩნდა, სადაც კონკურსის შემდეგ დავიკავე პროფესორის პოზიცია და იქ ვაგრძელებ აკადემიურ საქმიანობას, ჩემს ცოდნასა თუ გამოცდილებას დღეს ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს გადავცემ.
– ჰობი
– მთებში ხეტიალი და ჭადრაკი…
– სტუდენტებირას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგიური საქმიანობა?
– ძალიან ბევრს ნიშნავს. პედაგოგიური საქმიანობა, ჩემი ცხოვრების მთავარი, განუყოფელი ნაწილია. სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობის გარეშე, ალბათ, ვერც წარმომიდგენია არსებობა… მიყვარს ყველა ის სტუდენტი, ვისთვისაც ამ 2 ათწლეულის მანძილზე გამიძლიერებია ეთიკური ჟურნალისტიკის სიყვარული, სტანდარტების დაცვის სურვილი. სტუდენტები ჩემთვის ის ნათელი წერტილები არიან, რომლებიც ძალას და ენერგიას მმატებენ, მათთან თავს, შეიძლება ითქვას, მუდმივად ახალგაზრდად ვგრძნობ.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, უნივერსიტეტი ხომ სტუდენტისა და პროფესორის ერთობაა. მეც მუდმივად, სტუდენტებზე ვარ ორიენტირებული. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ, ჩემი ცხოვრების მთავარი საზრისი სტუდენტები არიან.
 2 მონოგრაფიის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი ხარ. 45-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი
– ორივე წიგნი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისევე როგორც სტატიები. თუმცა, გამოვყოფდი უცხოეთში გამოქვეყნებულ ბოლო წლების იმ ნაშრომებს, რომლებიც ისეთ მაღალრეიტინგულ, საერთაშორისოდ აღიარებულ ბაზებშია ინდექსირებული, როგორიცაა,  Scopus  და Thomson-ის Web of  Science (Osepashvili, D „Covering on Domestic Violence against Women in Georgian Print Media Problems of Journalism Ethic“/ Media in Process: Transformation and Democratic Transition, გამომც-ა, Routledge, Taylor & Francis Group, UK, 2017. pp. 157-179.  სტატია, რეცენზირებად საერთაშორისო კრებულში (Vol., Global Interdiciplinary Studies Series)  და Thomson-ის Web of  Science  (Osepashvili, D.“Public Trust and Online News Media: Georgian Case”/“Media, Power and Empowerment”, Cambridge Scholar Publishing, UK., 2014; pp. 231-241.)
განსაკუთრებით კი, გამოვყოფდი ბოლო პუბლიკაციას – „The Print Media News in Era of Media Convergence – The End of Traditional Media or Future Development  as a Global Challenge? (Comparative analyzes of Georgian and Lithuanian Media)”, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა კრებულში „Caucasus in Europe: Europe in Caucasus“/ Ibidem Press, Hannover, Germany, 2019, N1. გვ. 155-175. მარი კიურის სტიპენდიის ფარგლებში 2016წ. ჩატარებული ეს კვლევა თვისებრივ მიდგომას ეყრდნობა.
თბილისსა და ვილნიუსში ჩავწერე ნახევრად-სიღრმისეული ინტერვიუები რედაქტორებს, ჟურნალისტებსა და მედიაექსპერტებს შორის. კვლევის შედეგად დგინდება, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ლიეტუვაში ხარისხიანი გაზეთები ბეჭდური სახით თითქმის აღარ გამოიცემა და მთლიანად, ონლაინპლატფორმებზე არიან გადასულნი, რადგან მიაჩნიათ, რომ მათნაირ მცირერიცხოვან ქვეყანაში ტრადიციულმა გაზეთმა მცირე ტირაჟების გამო ამოწურა თავი და ამ გამოწვევის შედეგად, განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდნენ; კვლევის შედეგებით ასევე დგინდება, რომ მულტიმედია ფორმატი და მონაცემების ვიზუალიზაცია მათთან უფრო მეტად გამოიყენება, ვიდრე საქართველოში.
– შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და დოქტორი ხართრას იტყოდით ახლანდელ საქმიანობაზე?
– იბსუ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს დასავლური ტიპის განათლებას აძლევს. საკმაოდ კარგი მედიასკოლა აქვს იბუს-ს, მიუხედავად არცთუ დიდი ისტორიისა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ პირველად შარშან გამოუშვა კურსდამთავრებულები. აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ წლის დასაწყისში წარმატებით გავიარეთ ხელმეორე, რეაკრედიტაცია და ექსპერტებმა საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნიეს იბსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, სწავლების პროცესში მედიამენეჯერების ჩართულობის, თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის, მცირე ჯგუფებში სწავლებისა და სხვა აქტივობათა გამო.
ახლა ვგეგმავთ სამაგისტრო პროგრამის ამუშავებასაც, რათა ჩვენს კურსდამთავრებულებს (და არა მხოლოდ მათ) ჰქონდეთ მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. თსუ-ში 9 წელი ვხელმძღვანელობდი სამაგისტრო პროგრამას „მედია და ახალი ტექნოლოგიები“. იბსუ-შიც ამ ტიპის, თანამედროვე მედიატექნოლოგიებზე ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამის მომზადებას ვფიქრობ, სავარაუდო სახელწოდებით – „ციფრული მედია და კომუნიკაციის კვლევები“.
აგვისტოში, მე, როგორც იბსუ-ს პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორთან ქ-ნ მაგდა მემანიშვილთან ერთად მივდივარ ჩიკაგოში, პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ამერიკელი კოლეგების გამოცდილებას გავეცნობით. ეს პროგრამა ქართული მედიასკოლებისთვის, წელს დაარსა ამერიკის საელჩომ საქართველოში, რისთვისაც, აქვე მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა მათ. სწორედ, ახალი სამაგისტრო პროგრამის მომზადებაა ერთ-ერთი მიზანი ჩემი აშშ-ში ვიზიტის.
ვგეგმავ ასევე იბსუ-ს სტუდენტი-ჟურნალისტებისთვის გაცვლითი პროგრამების აწყობას. ჩემი ინიციატივითა და უცხოელი კოლეგების დახმარებით, წელს „ერაზმუს+“-ის  k7 პროგრამაში შევიტანეთ 2 განაცხადი და ველოდებით შედეგების გამოქვეყნებას.
– რაზე მუშაობთ ამჟამად და სამომავლო გეგმები
– სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ, მივიღე კიდევ ერთი კვლევითი სტიპენდია – ვარშავის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრის მიერ დაარსებული, „ტიტუს ფილიპოვიჩის ჯილდო“. ეს ახლად დაარსებული კვლევითი სტიპენდია, რომელიც წელს სხვადასხვა დარგის რამდენიმე ქართველ მკვლევარს მოგვენიჭა ქართულ-პოლონური ურთიერთობის აღსანიშნავად, დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით და გულისხმობს ამ შემოდგომაზე მოკლე ვადიან ვიზიტს ერთ-ერთ პოლონურ უნივერსიტეტში. ჩემი კვლევითი პროექტი მედიას და ევროინტეგრაციას ეხება.
ეს რაც შეეხება ჩემს უახლესი მომავლის გეგმებს. გრძელვადიანი სამომავლო გეგმებიც მაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა, ამჯერად თავს შევიკავებდი მათზე საუბრისგან…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები