შაქრის სიროფის წყალდიდობა — როცა ტკბილმა ტალღამ ბოსტონი შთანთქა
1919 წლის 15 იანვარს, შუადღის შემდეგ, ბოსტონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქარხნულ უბანში ხმა გაისმა, რომელიც ჯერ სტვენას ჰგავდა, შემდეგ კი, მეტალის გრუხუნსა და აფეთქებას. უზარმაზარი ფოლადის ავზი, სადაც კომპანია Purity Distilling Company, დაახლოებით, 8.7 მილიონ ლიტრ შაქრის სიროფს ინახავდა, მოულოდნელად გასკდა.
მომდევნო წამებში ქალაქის ქუჩები სიროფმა მოიცვა — დაახლოებით, ოთხიდან ხუთ მეტრამდე სიმაღლის წებოვანი ტალღა საათში 56 კმ სიჩქარით მიედინებოდა. ეს არ იყო წყალი; ეს იყო თბილი, ბლანტი სიროფი, რომლის სიმკვრივემ და ძალამ შენობები და რკინის კონსტრუქციები დაანგრია, დააზიანა მატარებლის ლიანდაგები და ვაგონი რელსებიდან გადმოაგდო.
ტალღამ ქუჩებში მომუშავე ადამიანებს, ცხენებსა და გამვლელებს გაქცევის შანსი არ დაუტოვა. ამ კატასტროფამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, 150-ზე მეტი კი, მძიმედ დაშავდა. სიროფი იმდენად მკვრივი იყო, რომ მაშველებს გადაადგილება უჭირდათ. დასუფთავებას, რომლისთვისაც ბოსტონის პორტიდან მლაშე წყალი გამოიყენეს, კვირები დასჭირდა.

მომხდარის მიზეზად ინჟინრული დაუდევრობა და ზედამხედველობის არარსებობა დასახელდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავზის კედლები მეტისმეტად თხელი იყო და სიროფის წნევას ვერ გაუძლო. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 1918 წელს შენიშნეს ავზიდან სიროფის გაჟონვა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ეს სერიოზულად არ აღიქვა — დაზიანებულ ადგილებზე უბრალოდ მუქი ფერის საღებავი გადაუსვეს, რათა გაჟონვა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო.
დაზარალებულებმა სასამართლოში უჩივლეს კომპანიის მფლობელ United States Industrial Alcohol Company-ის. ეს გახდა ერთ-ერთი პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც სასამართლომ კომპანია ბრალდებულად ცნო მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო. კომპანიამ, კომპენსაციის სახით, მილიონობით დოლარი გადაიხადა.
სწორედ ამ ტრაგედიამ შეცვალა ამერიკაში ინდუსტრიული უსაფრთხოების სტანდარტები. მას შემდეგ ინჟინრული ნაგებობების მშენებლობისას სავალდებულო გახდა გეგმების სერტიფიცირებული ინჟინრების მიერ შემოწმება და რეგულარული ინსპექცია.

დღეს ბოსტონში, იმ უბანში, სადაც ოდესღაც ავზი იდგა, პატარა მემორიალური დაფაა დამონტაჟებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცივ ზამთარში, როცა ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობა ოდნავ ტკბილი არომატი — თითქოს, ქალაქს დღემდე ახსოვს ის დღე, როცა სიროფმა დრო გააჩერა და ტკბილმა ტალღამ ადამიანებს სიცოცხლე წაართვა.