დავით მათიკაშვილი: გახარიას პარტიის ერთი წევრი, ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშია არჩეული – უნდა ჩამოყალიბდნენ, ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვან უარი, ან პარლამენტის წევრობაზე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციაში 10 წევრი იმის გამოა, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშიც არის არჩეული.
მისი თქმით, ჯემალ ანანიძემ ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვას უარი, ან პარლამენტის წევრობაზე, რადგან საკრებულოში მისი არჩევა პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობა იქნება.
„გახარიას პარტიის ერთი წევრი ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშია არჩეული. შესაბამისად, უნდა ჩამოყალიბდნენ. იქ არჩევა, ბუნებრივია, პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობა იქნება, ამიტომ, ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვას უარი, ან პარლამენტის წევრობაზე. როგორც ჩამოყალიბდებიან, შემდგომში უკვე ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია გუშინ შექმნეს. ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციის წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე, რომლის მანდატიც პარლამენტმა გახარიას პარტიის სხვა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად სცნო.