ილია მეორე: ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს

0

“ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, მან მრევლს ქადაგებით მიმართა:
“მე მახსენდება ჩემი სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ხარ ტაძარში და ისმენ ამ ლოცვას – „შეგვეწიენ და გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწეროთო, რათა შეგეხოს მადლი ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია. როცა ეკურთხება დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი, იქ ამბობს პატრიარქი: „მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულებათა აღმავსებელი”. ე.ი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნათლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს.
მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა, “თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავსო, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფიო, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულიაო”. ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა.
დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, სიხარულსა. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერ ცხოვრებაში. დალოცვილი იყავით წყალობამ ღვთისა არ დაგტოვოთ თქვენ და და ქართველო“,- ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი