შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვამ საერთაშორისო სწავლებაში – ”Sea Breeze 2019” მიიღო მონაწილეობა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკრაინის ქალაქ ოდესაში, მონაწილეობა მიიღეს ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში -“Sea Breeze 2019”. სწავლებაში ამავე დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი “ოჩამჩირეც” (P23) მონაწილეობდა.

როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება იყო.

სწავლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ცოდნა აიმაღლეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოქმედებების მიმართულებით. წვრთნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი იყო ჩართული. 3 მათგანი ადმინისტრაციული შტაბიდან ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს ახორციელებდა.

ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი “ოჩამჩირე” წელს აღნიშნულ წვრთნებში პირველად ჩაერთო. ყოველწლიური საერთაშორისო საზღვაო სწავლება -“Sea Breeze 2019” ნატოს პროგრამის – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით ჩატარდა.

“SEA BREEZE” უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და 19 პარტნიორი ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი