თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეხვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ქედის მუნიციპალიტეტში ქოსოფლის საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. პროექტი საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობას ითვალისწინებს. ხიდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შენდება, სამუშაოებს კი შპს “სინათლე 2006” აწარმოებს. ხელშეკრულების ღირებულება 978 000 ლარია. სამუშაოები 2 ივლისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში, 4 ოჯახს საავტომობილო გზა არასდროს ჰქონია  და ბაგირზე დაკიდული საცალფეხო  ხიდით გადაადგილდებოდნენ. ახალი ხიდით  როგორც ქოსოფელი, ასევე მიმდებარე სოფლებიც ისარგებლებენ. ქედაში ყოფნისას, თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი სოფელ ნამლისევის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების წინაშე არსებული პრობლემები და საჭიროებები  მოისმინეს. ისინი მთავრობის წევრებთან ერთად, შუახევში, სოფელ ხიჭაურში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მე–2 ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ.
პროექტი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე, 54-კილომეტრიან მონაკვეთზე, მთავარი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, სოფელ ხიჭაურში ( შუახევის ცენტრიდან 300 მეტრი) მილების შედუღებისა და მონტაჟისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში, სამუშაოები შუახევის ცენტრიდან გოდერძის მიმართულებით დაიწყება, შედეგად, კურორტ გოდერძის სრული გაზიფიცირება მოხდება.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, სალიბაურიდან ხიჭაურამდე ცენტრალური მაგისტრალის 65-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა. პროექტი 11,000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.

შუახევში, სოფელ ოქროპილაურსა და დაბაძველის 60-მდე მოსახლე მალე ახალი ხიდით ისარგებლებს. ხიდის მშენებლობის პროცესს მთავრობის წევრები გაეცნენ. რკინა-ბეტონის სამმალიანი ხიდის სიგრძე 54 მ, ხოლო სიგანე 6 მეტრზე მეტი იქნება. ხიდთან მისასვლელად, გაიჭრება 351 მ სიგრძის ახალი გზა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზის ოქროპილაურის 700-მეტრიან მონაკვეთსაც ჩაუტარდება. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 069 800 ლარს შეადგენს, შპს ხელვაჩაურის საგზაო სამსახური ასრულებს. პროექტი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შუახევში ყოფნისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაბა შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ, მათ ადგილობრივებისთვის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას იქნება გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები