“ავტოკეფალიადაკარგული და დაობლებული ეკლესია განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში, მაგრამ ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის” – მიტროპოლიტი შიო
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას ისაუბრა.
“როგორც იცით, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ძალისხმევით მოპოვებულ ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესია მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, მტრების შემოსევებისა, ინარჩუნებდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე და აი, 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის, მსოფლიო ეკლესიის 7 კრების კანონების და აი, ასეთი ავტოკეფალიადაკარგული და დაობლებული ეკლესია განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის”, – განაცხადა მეუფემ.