პაატა სალია: დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, ტელეკომპანიის ახალდანიშნული დირექტორი პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მისვლას დღესვე აპირებს.
ამის შესახებ სალია სოციალურ ქსელში წერს.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად.
ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი.
როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება.
მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება“,- წერს პაატა სალია ფეისბუქის პირად გვერდზე.
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები