მამუკა ბახტაძე: გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას, არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი

“გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ორიენტირებულაი, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების, გარკვეული პირების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, ასეთი ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ანუ, ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება. ეს არის ის კონტექსტი, რა კონტექსტის განვითარებაც სურთ ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას ისევე, როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულები, გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების, გარკვეული პირების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ის, რომ საზოგადოებას 20 ივნისის ღამეს მომხდარის დამახინჯებული სურათი მიეწოდოს, სრულიად მიუღებელია და ამას მთავრობა არ დაუშვებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შემთხვევებიც იყო და ამაზე ვართ ორიენტირებულები, რომ ამას გაეცეს პასუხი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ზოგად სურათს, მთავარ პრობლემას, რამაც ეს გამოიწვია და შემდეგ არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობას, რომ სრულიად დამახინჯებული სურათი მიაწოდონ ქართველ საზოგადოებას, ეს არის სრულიად მიუღებელი. ის დღე იყო ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ხომ გვსურს სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება და მისი მშენებლობა და ის, რომ გავხდეთ ევროპული სრულფასოვანი ოჯახის წევრი? თქვენ რომელ ქვეყანაში, რომელ შემდგარ დემოკრატიაში წარმოგიდგენიათ, რომ მიმდინარეობდეს პარლამენტის შტურმი? ერთი დამისახელეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, რომ გვსურს მდგრადი დემოკრატიის მშენებლობა და, მეორე მხრივ, ყოველდღიურად ცდილობენ, რომ მას საფუძველი გამოაცალონ. ეს ხომ მიუღებელია? გარწმუნებთ, უბრალოდ, ჩვენი გუნდის არცერთი წევრი არასდროს სკამს არ გამოეკიდება და სწორედ ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ამავე დროს, არასდროს მივცემთ დესტრუქციულ ძალებს იმის მცირე შანსსაც კი, რომ საქართველო იყოს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი და გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად პატივს კანონს სცემს. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული და ეს იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე რეჟიმში ისე, რომ მცირე კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს არავის“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები