თეიმურაზ კუპატაძე დავით გარეჯთან მომხდარზე: „არის მშვიდი ვითარება – უახლოეს დღეებში მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას“

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომლოცველებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა უახლოეს დღეებში შეეძლებათ.
“შეხვედრაზე განვიხილეთ გუშინდელი ინციდენტი აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. გავცვალეთ ინფორმაცია, ასევე, განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა ამ საზღვრის შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში დაუბრუნდება ძველ რეჟიმს სიტუაცია. მოქალაქეები და, ასევე, მომლოცველები, ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე”, – განაცხადა კუპატაძემ.
მან გუშინ მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.
“ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია მათ შორის ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მშვიდი ვითარებაა”, – განაცხადა კუპატაძემ და შსს-ს სახელით საზოგადოებას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს და სადელიმიტაციო კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებასა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს, რათა მიეცეს დელიმიტაციის კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება”, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები