“არა მუშტის მოღერებითა და გინებით, არამედ გონებით უნდა ვიმოქმედოთ“ – ნიკოლეიშვილი პუტინის განცხადებაზე

“ახალი არაფერი გაგვიგია, რუსეთი ყოველთვის შეეცდება, გაამართლოს თავისი პოლიტიკა ოკუპაციასთან მიმართებით”, – ასე ეხმაურება ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომლითაც პუტინმა საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, ქართულმა მხარემ ამ ყველაფერს ძალიან გონივრულად უნდა შეხედოს და გონივრულად, ისე იმოქმედოს, რომ პრაგმატული პოლიტიკა არ დააზარალოს.
„ის, რომ სანქციების დაწესებას პუტინმა მხარი არ დაუჭირა, კარგია, შედეგობრივად რომ ვთქვათ, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება ისტორიის გადაწერის მცდელობებს – ნამდვილად არ მაინტერესებს, პუტინი რა ნიშანზე სწავლობდა ისტორიას, უფრო მეტიც, ამის თაობაზე საკმაოდ კარგი პასუხები გაიცა ჩვენი ისტორიკოსების მიერ. ძალიან სიღრმისეული შეფასებები გაკეთდა. ახალი არაფერი გაგვიგია, რუსეთი ყოველთვის შეეცდება, გაამართლოს თავისი პოლიტიკა ოკუაპციასთან მიმართებით. ამ ყველაფერს ძალიან გონივრულად უნდა შევხედოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაზარალოთ პრაგმატული პოლიტიკა. ოკუპაციის პროცესი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, შეიძლება ითქვას, რამდენიმე დღეში მოხდა და დეოკუაპციის პროცესი 2 დღეში არ დასრულდება, ამას წლები დასჭირდება, მაგრამ ამისთვის ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. არც შევწყვეტთ, ასეთია საზოგადოების განწყობა. მაგრამ  გონივრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, არა მუშტის მოღერებით, შეგინებით, არამედ გონებით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში, ასევე, გენოციდში ადანაშაულებს და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ისტორია არ დაივიწყოს. ამის შესახებ მან რუსლ მედიასთან საუბარში განაცხადა.
“ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს, 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად, მისი სამხრეთი ნაწილიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში შევიდა 1810 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამთავრო. შემდეგში ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო ტფილისის გუბერნია”, – ამბობს პუტინი.
პუტინის მტკიცებით, რუსეთის იმპერიის ჩამოშლისა და I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ აფხაზეთის ჩაყლაპვა სცადა გერმანული ძალების დახმარებით.
“1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ”, – აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ჯერ ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც საქართველო შევიდა. პუტინის თქმით, არც ეს იყო საქართველო. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. პუტინის თქმით, ბერიამ და სტალინმა საქართველოს მიერ აფხაზეთის “ჩასაყლაპად” უაღრესად მკაცრი ზომები მიიღეს აფხაზეთში. პუტინის განცხადებით, ეს რეალობა და მძიმე მემკვიდრეობა არ გაითვალისწინა საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა და აჭარის, აფხაზეთის ავტონომიები გააუქმა, რასაც ძმათა მკვლელი ომები მოყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები