ახალ ეკოტურისტულ ობიექტებზე მედიის წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამ დაცულ ტერიტორიაზე, რომლებიც ვიზიტორებისთვის პირველად მიმდინარე წელს გაიხსნა, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მედია-საშუალების 30 წარმომადგენლისთვის ინფო-ტური გაიმართა. მედიის წარმომადგნლები ნავენახევის მღვიმეში, ოკაცეს ჩანჩქერსა და მტირალას ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებაზე. ორგანიზაცია უერთდება კამპანიას #spendyoursummeringeorgia. ინფო-ტურის მიზანი იყო, დაცულ ტერიტორიებზე არსებული სიახლეების შესახებ ჟურნალისტების ინფორმირება.
დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, იგი განსაკუთრებით დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ყოველწლიურად იზრდება დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. 2017 წელს, გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაში 87 მლნ ლარს შეადგენდა.
ნავენახევი განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4-დარბაზიანი მღვიმეა. ნავენახევის მღვიმე მსოფლიოში მე-3 ადგილზეა ნაღვენთი ფორმების სიმრავლით. იგი აქტიურ ტურისტულ სეზონზე წელს, პირველ ვიზიტორებს იღებს. მღვიმეში თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა გასულ წელს მოეწყო. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მღვიმეში დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა და მოეწყო ეკო-ტურისტული ბილიკი. გამოიყო ეკო-საგანმანათლებლო და სათამაშო სივრცე.
ოკაცეს ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს და ის ვიზიტორებისთვის 2019 წლის მაისში გაიხსნა. იგი დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია. იგი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქარების კასკადია. პირველის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. ოკაცეს ჩანჩქერი ყველასთვის ცნობილი ოკაცეს კანიონიდან 7 კმ-ში მდებარეობს და ბუნების ძეგლამდე მოასფალტებული გზით, კომფორტულად მისვლაა შესაძლებელი.
მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში.
2019 წელს მტირალას ეროვნულ პარკში თოკების პარკი მოეწყო. „თოკების პარკი“ ეკო–საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს წარმოადგენს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
საქართველოში დღევანდელი მდგომარეობის 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, რომელსაც 20 ადმინისტრაცია მართავს. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 677 000 ჰა-ია, რაც ქვეყნის 9,5%-ია.
საქართველოში დაცული ტერიტორიები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ბევრ ტურისტს იზიდავს. 2018 წელს, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდულად დიდი რაოდენობის 1 000 000 ვიზიტორზე მეტი ესტუმრა. რაც შეეხება 2019 წლის ვიზიტორთა სტატისტიკას, პირველ 6 თვეში დაცულ ტერიტორიებს 411 905 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 27%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი.
2019 წლის 6 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
• პრომეთეს მღვიმე
• მარტვილის კანიონი
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• ოკაცეს კანიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები