მაკრონი: ნატო არ შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა აშშ მზადაა, რომ ამის ნაწილი იყოს
13 აგვისტოს ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ვიდეოზარის შემდეგ, ამერიკელმა ლიდერმა პარტნიორები დაარწმუნა, რომ აშშ მზადაა, შეუერთდეს ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას მას შემდეგ, რაც უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, ნატო კი ამ პროცესში არ ჩაერთვება.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ქალაქ ბრეგანსონში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა ევროპელი ლიდერები დაარწმუნა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ, შეერთებული შტატები ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუერთდებოდა, ნატო კი – არა.
„მან [ტრამპმა] რამდენიმე რამ თქვა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ნატო არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი – ჩვენ ვიცით, რომ ეს განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნაა რუსული მხარისგან. თუმცა შეერთებული შტატები და ყველა მოკავშირე, რომელიც მზადაა, ამაში უნდა იყოს ჩართული“, – განაცხადა მაკრონმა.